საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდასთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მაკა ბოჭორიშვილი მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

"ვესაუბრე მინისტრ ჰაკან ფიდანს საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას. ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან ამ რთულ დროს“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ავიაკატასტროფა მოხდა - ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი.

კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა "სი-130"-მა, იგივე ჰერკულესმა. "ფლაი რადარის" მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.

სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.