ნიკა გვარამია: ჩვენ გავხდით ქართული დემოკრატიის მარცხის მოწმე

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება და მართლმსაჯულება დამარცხდა.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ გავხდით ქართული დემოკრატიის მარცხის მოწმე. საქართველოში დამარცხდა სიტყვის თავისუფლება, დამარცხდა მართლმსაჯულება. სასამართლო სისტემა აღარ არსებობს.

ძალიან გულუბრყვილოა, ვინც ფიქრობს, რომ 1 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულების უკან წაღება ასევე მარტივად ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, მოხდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ყველა კარს დაგვიკეტავენ. ეს იმდენად მყიფე დოკუმენტია, რომ მისი შერყევა მარტივად შეიძლება და ეს თვითონ ხელისუფლებამ გააკეთა“, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ტელეკომპანია მანამდე გააშუქებს მოვლენებს, სანამ ამის შესაძლებლობა იქნება.

„როცა ეს აღარ შეგვეძლება, შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა, სიტყვის თავისუფლება.

ვაპირებთ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიტანოთ განაცხადი, ეს ძალიან რთული პროცედურაა და ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს საკითხი. ამასთან, მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, განიხილონ ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელები და მიიღონ გადაწყვეტილება, რაც ავტომატურად შეაჩერებს დღევანდელ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება არ იმსახურებს, რომ ქართველ ხალხს მართავდეს.

Comments
Loading...