ნიკა გვარამია: ჩვენს დაძახილზე გამოდით

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სამი მოსამართლე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს წარმართავს, ქვეყნის ბედს წყვეტს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“დღეს არა მარტო ჩვენი და ჩვენი გულშემატკივრების ბედი, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედი წყდება, ვინც გვიყურებს, ვინც ჩვენი წინააღმდეგაა და მათ შორის სამი მოსამართლის კარიერული ბედი – ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ თუ როგორ გზას აირჩევს საქართველო. უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიაში შევა, მაგრამ ისტორიაში როგორ შევლენ თვითონ უნდა აირჩიონ“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, როგორც მთავრობის ყოფილ წევრს, გამოცდილი აქვს, თუ რას ნიშნავს კრიტიკული ტელევიზიის არქონა.

„ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას არასდროს შევცვლით. კრიტიკულ ტელევიზიად დავრჩებით. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის ქონა და დისკომფორტში ყოფნა ურჩევნია, თუ ევროპის კარების გამოჯახუნება. როგორც მთავრობის წევრს, მე ეს გავლილი მაქვს და მერწმუნეთ თქვენი მხრიდან ძალიან მძიმე შეცდომის დაშვება იქნება“, – აღნიშნა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს, 14:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან აქციაც დააანონსა.

„აქციაზე გამოდით, სადაც პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები მოგიწოდებენ. ჩვენს დაძახილზე გამოდით და „რუსთავი 2“ ფიზიკურად დაიცავით. დღევანდელი დღე ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. „რუსთავი2“ ბრძოლას განაგრძობს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Comments
Loading...