ნიკა გვარამია: ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა „აბესალომ და ეთერი”

30 იანვარს, ოპერისა და ბალეტის თეატრი „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება, თუმცა დასწრება შეზღუდული იქნება და როგორც ირკვევა, გახსნაზე მხოლოდ თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეული. თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის განცხადებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ აქცენტი ამჯერად „საზოგადო მოღვაწეებზე” გააკეთა. ამ ყველაფერმა საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია და გუშინდელი დღიდან მოყოლებული სრულიად ინტერნეტ სივრცე მოიცვა.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კი ოპერა „აბესალომ და ეთერის“ კრიტიკული პოსტი მიუძღვნა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა.

„ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა „აბესალომ და ეთერი”, თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე“.

აზრთა სხვადასხვაობა აშკარად იგრძნობოდა, ზოგი სტატუსის ავტორის აზრს 100%-ით იზიარებდა, ზოგისთვის კი ეს შეურაწყოფის ტოლფასი იყო. კამათი იმდენად კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რომ გვარამიას ფეისბუკის გვერდზე ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სტატუსი გამოჩნდა.

„ხალხი, რომელიც ვერ იტანს მუსიკის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო რომ ის ქართულია, არის შავრაზმელი და არაფრით არ განსხვავდება ეკლესიას თუ ცრუ პატრიოტიზმს მიკედლებული შავრაზმელებისგან. ასეთი სექტანტები საშიშნი არიან, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა და ვერაფრით, ხაზს ვუსვამ, ვერაფრით ვერ იქნებიან გულწრფელი პროევროატლანტისტები
p.s. სრულიად დარწმუნებული ვარ თან, გაწიწმატებულთა უმრავლესობას მოსმენილიც არ აქვს აბესალომი. ისე, იცავს, ქართულია და სკოლაში ასწავლეს, რომ დიადი…“
– წერს ნიკა გვარამია.

Leave A Reply

Your email address will not be published.