„ნიკა გვარამია გვესაუბრება ისე, როგორც აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი გლეხებს”- არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან” ნიკა გვარამიასა და ზურა ადეიშვილს შორის გამართულ სატელეფონო ჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც უკრაინულ გამოცემა „უკრაინული რევოლუცია”-ზე გავრცელდა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” სასამართლოს საქმიანობაში ჩარევისა და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. მისივე განცხადებით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი არ აცლის სასამართლოს საქმის სამართლებრივ ფორმატში განხილვას და ცდილობს ის პოლიტიკურ ჭრილში გადაჭრას.
„ტელევიზიების მრავალჯერადი წართმევა, გადაფორმება, სასამართლოების ტოტალური კონტროლი, ძალაუფლებაზე მონოპოლია, ადამიანის უფლებების დარღვევები – ეს არის სწორედ დღეს ოპოზიციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების სტილი. ”ქართულ ოცნებას” და მმართველ გუნდს მსგავსი რამ არასოდეს გაგვიკეთებია და ამის გადმობრალება ჩვენზე მხოლოდ თვალთმაქცობაა მათი მხრიდან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმოკლეს დროში უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ადგილი ნიკა გვარამიას და ამ საუბრებში მოხსენიებული პირების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებლებაში უკანონოდ ჩარევას.

”რუსთავი 2”-ის თითოეულ ჟურნალისტს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, თუ ვინმე მათ დამოუკიდებელ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლის, ეს არის სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წარმომადგენელი და ნიკა გვარამია, როგორც დირექტორი, რომელიც ამ ბოლო დროს უკვე რეგულარული ბრიფინგებით საზოგადოებას და ჩვენ გვესაუბრება ისე, როგორც აივანზე გადმომდგარი გაბოროტებული თავადი, გლეხებს საუკუნეების წინ. ეს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ჩანაწერებს, უკვე ჩვენ გვაქვს სერიოზული შეკითხვები და მას პასუხები უნდა გაეცეს უმოკლეს დროში, ხომ არ აქვს ადგილი ნიკა გვარამიას და ამ საუბრებში მოხსენიებული პირების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებლებაში უკანონოდ ჩარევის ფაქტებს.”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ (იხ. სრულად). ‘

 

 

sazogadoeba.ge

Comments
Loading...