ნიკა გვარამია: ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველა მოსამართლეს, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს, „ფეხქვეშ მიწა დაეწვება”.

რუსთაველის გამზირზე, ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან მოსამართლეებს მოუწოდა,ივანიშვილის გზას არ გაჰყვნენ რომელიც ბარაბას გზაა.

”უზენაესმა სასამართლომ არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება უნდა დაიცვას, არამედ უნდა შობოს დამოუკიდებელი სასამართლო ამ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ის, რაც ვერასდროს მოხდა ამ ქვეყანაში ისტორიულად.

დღეს შეიძლება ეს მოხდეს. ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ნუ გაჰყვებით ურთმელიძეს, ნუ გაჰყვებით ნაზღაიძეს, ნუ გაჰყვებით ყველა მექრთამესა და ნაძირალას. გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას და თქვენი შვილები დაგიფასებენ პირველ რიგში. თქვენ შეხვალთ თქვენი ქვეყნის ისტორიაში. არასდროს არ იდგებით მეორედ ასეთი მარტივი არჩევანის წინაშე – ჩაწეროთ თქვენი თავი ქვეყნის ისტორიაში ან ოქროს ასოებით, ან ჩაწეროთ ქვეყნის ისტორიაში თქვენი სახელი შავი ასოებით, სამარცხვინო სვეტზე გააკრათ თქვენი თავებიც, ოჯახებიც და მთელი თქვენი შთამომავლობა”, – განაცხადა გვარამიამ.

Comments
Loading...