ნიკა გვარამიამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

“რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორთან გამოძიებას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.

“იყო შეკითხვები 6 მილიონთან დაკავშირებით. სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა, რადგან გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას და მისი შინაარსი გამოძიებისთის არ უნდა იყოს საინტერესო. მიუხედავად ამისა, მე დავაკონკრეტე, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხება ბატონ ახვლედიანს, სხვა ადამიანს ვესაუბრები. საუბარი, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში, არის ჩემი ჩაწერილი, თუმცა დამონტაჟებულია ისე, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ მამუკა ახვლედიანს.

ამ საუბარში არავითარი ქრთამის შეთავაზება, ან რაიმე ტიპის ფულადი შეთავაზება ბატონი ახვლედიანის მიმართულებით არ ყოფილა, მით უმეტეს, 6 მილიონის შეთავაზება. ან რატომ უნდა შეგვეთავაზებინა, ბატონი ახვლედიანი არავითარ გადაწყვეტილებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც “რუსთავი 2″-ს ეხება, არ იღებდა.

არ მაქვს იმედი, რომ გამოძიება რამეს დაადგენს, რადგან ამავე შენობიდან იმართება ეს ყველაფერი. შეუძლებელია, ამ ჩანაწერებს ერთი ხელით ეს შენობა აკეთებდეს, აქვეყნებდეს და მეორე ხელით იძიებდეს საკუთარი თავის მიმართ შედეგებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია მოწმის სახით დაკითხვაზე დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

საქმე ეხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებას.

ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სამ ოქტომბერს დაიწყო.

Comments
Loading...