ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ

“რუსთავი 2″-ის ერთ-ერთი მეწილის გიორგი გეგეშიძის ქვრივს ტელეკომპანიის მფლობელები საკუთარი წილის გაყიდვის საშუალებას არ აძლევენ. გეგეშიძის ქვრივი “ტელეკომპანიის” ხელმძღვანელობას წესდების მალულად შეცვლაში ადანაშაულებს.

თუ რა კავშირი აქვს აღნიშნულ საქმესთან “რუსთავი 2″-ს გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და რატომ ითხოვს მისგან ნინო ნიჟარაძე ბოდიშის მოხდას, ამასთან დაკავშირებით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.
გამოცემასთან საუბრისას გეგეშიძის ქვრივი ეჭვობს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას რაღაც აქვს დასამალი, რადგანაც ასეთ წინააღმდეგობას უწევენ.

“ჩემი მეუღლე 2014 წლის მარტში გარდაიცვალა და აპრილის ბოლოს “რუსთავი 2″-დან დამირეკეს და შეხვედრაზე მიმიწვიეს. მივედი, რაღაც შპს-ს გახსნა სურდათ, დოკუმენტებს გავეცანი და ხელიც მოვაწერე. იქვე იჯდა ყარამანიშვილი, ახლაც არ ვიცი, რომელი ძმა იჯდა, მანამდე ნანახიც არ მყავდა არცერთი. ხელმოწერის შემდეგ მკითხა: 9%-თან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთო. ამაზე ფიქრის თავიც არ მქონდა, თანაც, მხოლოდ მემკვიდრის სტატუსი მქონდა, მესაკუთრის სტატუსი სასამართლოს სექტემბერში უნდა მოენიჭებინა ჩემთვის.
თუმცა მაშინვე დავაფიქსირე, რომ არ მსურდა წილის შენარჩუნება. მითხრეს, ჩვენ სიმბოლურ თანხას შემოგთავაზებთო, მარწმუნებდნენ, რომ ეს 9% ისედაც ბევრს არაფერს ნიშნავდა. მხოლოდ ვთხოვე, შემოთავაზება ადეკვატური ყოფილიყო და არა სიმბოლური”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ და დასძინა, რომ წილების დათმობის შეთავაზება “რუსთავი 2″-ის ინიციატივით პირველად მან მიიღო.
როგორც ნიჟარაძე აცხადებს, პირველი შეხვედრიდან დაახლოებით 2 კვირაში ტელეკომპანიიდან კვლავ დაურეკეს და წესდების ცვლილებასთან დაკავშირებით შეატყბინეს. წესდების თანახმად კი, მას ყველა უფლება ერთმეოდა.
“პირველი შეხვედრიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ “რუსთავი 2″-დან კვლავ დამირეკეს და მითხრეს, რომ საგანგებო კრება იყო დანიშნული. ვკითხე, რა საკითხი განიხილება-მეთქი, მითხრეს, წესდება იცვლება და მოსაწვევს ბინაზე მიიღებთო. ვთხოვე, ეგებ წესდებაც გამომიგზავნოთ-მეთქი, და, მოსაწვევთან ერთად წესდება მეორე დღეს, მართლაც, მივიღე.
ჩემს ადვოკატს ვთხოვე დახმარება. ადვოკატმა ძველი წესდება ამოიღო და შედარება გააკეთა. მაშინ გავიგე, რომ ახალი წესდება ყველა უფლებას მართმევს. ანუ წესდების პუნქტები ისე იყო შეცვლილი, რომ მე მთლიანად პროცესის მიღმა ვრჩებოდი. არანაირი საჭიროება ჩემი აღარ იარსებებდა. ადვოკატმა მირჩია, ამ დოკუმენტებზე ხელი არ მომეწერა.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რაც ძველი წესდების ამოღებისას გამჟღავნდა. როგორც აღმოჩნდა, წესდების შეცვლის მოთხოვნით, მათ იუსტიციის სამინისტროსთვის უფრო ადრე მიუმართავთ. თუმცა, სამინისტრომ, კანონის შესაბამისად, მოითხოვა გიორგი გეგეშიძის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა. სამინისტრო ამ ხარვეზის გასწორებას ითხოვდა.
ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში კრების მოწვევის საკითხიც, მხოლოდ ამის შემდეგ შემატყობინეს, წესდება იცვლებაო. ანუ უჩემოდ წესდება ვერ შეცვალეს, შემდეგ იფიქრეს, ეგებ, ისედაც მოაწეროს ხელიო. არ ვიცი, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ მე ვერაფერს გავარკვევდი და მივხვდებოდი. მე ვუთხარი, რომ ახალ წესდებას ხელს არ მოვაწერდი”
,- დასძინა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის მფლობელებს ორჯერ შესთავაზა წილის ყიდვა, რადგან აცხადებს, რომ მას არ სურს, ტელევიზიის წილი საეჭვო ან უცხო პირებს ჩაუვარდეთ ხელში.

“არ მსურს, რომ ტელევიზიის წილი საეჭვო პირებს ან უცხო პირებს ჩაუვარდეთ ხელში. ამიტომ მე მათ ორჯერ შევთავაზე ჩემი წილის ყიდვა და ორჯერვე უარი მივიღე. სულაც არა ვარ ანგაჟირებული, როგორც ნიკა გვარამია საუბრობს ჩემზე და არც ფულზე ვარ გაგიჟებული. ვფიქრობ, მათ დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ თავიდანვე უარი მითხრეს წილის ყიდვაზე, ახლა კი მისი გაყიდვის საშუალებასაც არ მაძლევენ.

საერთოდ, ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ. ეს საკმაოდ უხეში და მიუღებელი ფორმით გაკეთდა და რაც მთავარია, საერთოდ არ შეესაბამება რეალობას… მან ბოდიში უნდა მომიხადოს ასეთი გამონათქვამებისთვის.
ეტყობა, რაღაც აქვთ დასამალი, რადგანაც ასეთ წინააღმდეგობას მიწევენ, არც თავად ყიდულობენ და არც მე მაძლევენ გაყიდვის საშუალებას. აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ უჩემოდ, მალულად სურდათ წესდების შეცვლა და ჩემი პროცესიდან მთლიანად მოხსნა. ეს დასანანია, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელიც არის ჩემთვის და გაუგებარიც. გული მწყდება რომ ყველაფერი ასე განვითარდა”
, – აცხადებს ნიჟარაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.