ნიკა მელია გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ,,ნაციონალური მოძრაობა” დაშლილი კი არა დანგრეულია. ნიკა მელია გიგი უგულავას პარტიის ყრილობაზე ეპატიჟება, რათა საკუთარი თვალით ნახოს მართლა დანგრეულია პარტია თუ აღორძინების გზაზეა.
,,მახსოვს, რომ თვეების წინ ერთი ადამიანი სუაბრობდა, რომ პარტია საერთოდ გაქრა რადარებიდან და აღმოჩნდა, რომ პარტიამ ნახევარი მილიონი ხმა აიღო. ახლა გამოჩნდა ადამიანი, რომელიც საუბრობს , რომ პარტია თურმე დანგრეულია. მოვიდეს ბატონი უგულავა 20 იანვარს პარტიის ყრილობაზე და თავად ნახავს ეს პარტია დანგრეულია თუ ეს პარტია აღორძინების გზაზეა”, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პარტიის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ მათი თანაპარტიელების ნაწილი ,,ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას აპირებდა.
,,მას შემდეგ, რაც ბოკერიას ჯგუფმა პოლიტსაბჭოზე კენჭისყრა წააგო და გადაწყდა, რომ ყრილობა ჩატარდება 7 000 დელეგატის თანამონაწილეობით, სადაც მათი ვერც ერთი წინადადება ვერ იქნებოდა გატანილი და 20 იანვარს ვერ გაიმარჯვებდნენ, მათ დაიწყეს გეგმის შემუშავება პარტიიდან გასვლის თაობაზე. ყველაზე მეტად სამწუხარო ჩემთვის ის არის, რომ ჩვენმა დიდმა ნაწილმა პარტიაში ვიცით, რომ ბოკერიას გუნდს გადაწყვეტილი აქვს პარტიიდან გასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ შანსი პარტიის მართვის სადავეებთან დადგომისა. შვიდიათასი დელეგატი ნამდვილად არ აირჩევს ბოკერიას გუნდს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში”, – განუცხადა ჟურნალისტენს ნიკა მელიამ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოკერია-უგულავას მომხრეები პარტიის დატოვების შესახებ განცხადებას 12 იანვარს გააკეთებს, პარტიის დატოვების შესახებ სავარაუდო თარიღს ბოკერია-უგულავას გუნდში ჯერჯერობით არადასტურებენ.