ნიკოლოზ მჟავანაძე მოითხოვს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სანქციები დაეკისროს

„საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, არჩევნებში არმონაწილეობა კანონით უნდა გახდეს დასჯადი და ეს კონსტიტუციაში ჩაიწეროს. ეს პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. მინდა, მკითხველმა იცოდეს, რა ხდება სხვა ქვეყნებში ამ მხრივ. მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც არჩევნებში გამოცხადების სავალდებულოობა დაინერგა, არის ბელგია. მათ ეს სისტემა 1893 წელს შემოიღეს. ბელგიაში ამომრჩევლის მიერ პირველად არასაპატიო მიზეზით არჩევნებზე არგამოცხადების შემთხვევაში, ამომრჩეველი ჯარიმდება 50 ევროთი, მეორედ და მესამედ – 125-ით, მეოთხედ არგამოცხადების შემთხვევაში კი ჩამოერთმევა ხმის მიცემის უფლება და აეკრძალება, დაიკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში. საბერძნეთში, თუ ამომრჩეველი საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებს, წინასწარ უნდა მისცეს ხმა. ბელგიის მსგავსად, აქაც მოქმედებს ჯარიმების სისტემა და ასევე, პატიმრობა ერთითვიდან ერთ წლამდე არჩევნებზე სისტემური არგამოცხადების შემთხვევაში. ასევე, გართულებულია მართვის მოწმობის აღება, თუ მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. რაც შეეხება მექსიკას, ოფიციალური სანქციები არ არსებობს, თუმცა მოქმედებს სოციალური სანქციები. იტალიაში არჩევნებში გამოუცხადებლობა იწვევს საბავშვო ბაღში ბავშვის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემებს. ჯარიმების სისტემა ასევე მოქმედებს ავსტრალიაში, კვიპროსსა და ლუქსემბურგში. ბოლივიამ 1952 წლიდან დაიწყო საარჩევნო ბარათების გაცემა იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა მარტივად დაამტკიცონ ის ფაქტი, რომ ნამდვილად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ამ ბარათს ვერ აჩვენებს არჩევნებიდან სამი თვის განმავლობაში, ეს შეიძლება მის ხელფასზე აისახოს”, – განაცხადა მჟავანაძემ.

Comments
Loading...