“ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია”

ოკუპაციის დღეს კი ოკუპანტთან ცეკვა დაუშვებელია”

“იმედი მაქვს, “გირჩი” ხელისუფლებაზე არ მუშაობს”

“ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმამ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უკონტროლოდაა მიშვებული”

“გრიგოლ ვაშაძე თავისი ბიზნესსაქმეებითაა დაკავებული”

25 თებერვალს, ნინო ანანიაშვილის მოსკოვში გამართული კონცერტი მისი მეგობრებისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა. მსოფლიო დონის ბალერინის ნაბიჯი განსაკუთრებით ნიკა რურუამ და მისმა გუნდმა გააკრიტიკა, არადა, ანანიაშვილის მეუღლე გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურად ჯერ კიდევ კულტურის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელად ითვლება. გაიყო თუ არა ვაშაძისა და რურუას პოლიტიკური ინტერესები და რა გეგმები აქვს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, kvirispalitra.ge საზოგადოება “ივერიის” დამფუძნებელს ნიკა რურუას ესაუბრა:

– არ ვიცი რა რეაქცია ჰქონდა გრიგოლ ვაშაძეს ჩემ განცხადებებზე, კარგი იქნება თუ ამაზე საჯაროდ თავადვე ილაპარაკებს. მან კარგად იცის, რომ ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურად უკომპრომისო ვარ. ნინო ანანიაშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ მისი გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია. მას შეეძლო პედაგოგის იუბილე თბილისში, ახლადგახსნილ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაემართა. დარწმუნებული ვარ, თბილისში სხვა მოწაფეებიც ჩამოვიდოდნენ. ოკუპაციის დღეს კი ოკუპანტთან ცეკვა დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ პუტინის ნარატივებს მივყვებით, რადგან პოლიტიკასა და ხელოვნებას მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ იყენებს.

– თქვენი განცხადებების შემდეგ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთ ორგანიზაციაში თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ თუ მას “ივერიის” დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს?
– გრიგოლ ვაშაძემ დიდი ხანია ტაიმ-აუტი აიღო და ორგანიზაციაში ფიზიკურადაც კი არ ჩნდება. ამის შესახებ გაგვაფრთხილა კიდეც, ის თავისი ბიზნესსაქმეებითაა დაკავებული. დანარჩენი უკვე თავად უნდა გადაწყვიტოს.

– ფაქტია, რომ “ივერიას” დამფუძნებლებიც კი ტოვებენ, მამუკა გამყრელიძე, მამუკა კუდავა, ამჯერად დიდი ალბათობით გრიგოლ ვაშაძეც აღარ ითვლება თქვენ თანაგუნდელად. ეს ნიშნავს, რომ მოძრაობა იშლება?
– რას ნიშნავს იშლება? ჩვენ აქ ენთუზიასტები ვართ შეკრებილები. ვინც წავიდა, მათთან პოზიციური გაუგებრობები გვქონდა ფუნდამენტურ საკითხებზე, თუმცა ეს პროცესი მოძრაობის ფუნქციონირებას ხელს სულაც არ უშლის. პირიქით, პარალელურად, უამრავი პატრიოტი ადამიანი შემოგვემატა. სხავათა შორის, მამუკა კუდავა “ივერიაში” რჩება, როგორც მოძრაობის დამფუძნებელი. უბრალოდ, მან პარალელურად “გირჩთან” თანამშრომლობა გვთხოვა – სუსტები არიან და საგარეო მიმართულებით უნდა დავეხმაროო. ინტერესთა კონფლიქტი გვექნებოდა, თუ მამუკა ხელისუფლებაში წავიდოდა.

– სხვათა შორის, თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ ნაციონალურ მოძრაობას “ოთხეული” თქვენი წაქეზებით გამოეყო და “გირჩს” საპარლამენტო არჩევნებისთვის პლატფორმად გამოიყენებთ.
– მაშინათვე განვაცხადე, რომ ეს აბსურდული ჭორი იყო. იმედი მაქვს, “გირჩი” ხელისუფლებაზე არ მუშაობს, ეს აუცილებლად გაირკვევა. საერთოდ, ყველა დასავლური ღირებულების მქონე ძალა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. “გირჩთან” კავშირზე ლაპარაკი არ არის, თუმცა იქ “ივერიელი” ნამდვილად მუშაობს.

– საინტერესოა, საპარლამენტო არჩევნებისთვის გეგმებზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდით?
– ჯერჯერობით, არჩევნებზე ლაპარაკი ნაადრევია. მხოლოდ თბილისში სამასზე მეტი წარმომადგენელი გვყავს და რეგიონებშიც აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ჩვენ საკმაოდ გრძელვადიანი მიზნები გვაქვს და მხოლოდ 2016 წლის არჩევნებით არ შემოვიფარგლებით. თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ამოცანა საზოგადოების განათლების დონის ამაღლებაა და არა კაბინეტებში შესვლა. განაგრძეთ კითხვა

Comments
Loading...