ნინო ბურჯანაძე – ამაზრზენი და აღმაშფოთებელია, როდესაც ადამიანების უბედურების გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის

დღეს რაც ფარულ კადრებთან დაკავშირებით ხდება არანაკლებ ამაზრზრენია, იმაზე რაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხდებოდა , – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, არაფერი ახალი “ქართულ ოცნებას” გუშინ და დღეს არ გაუგია.
“ძალიან კარგად ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები დაესაჯა, სამი წელი მასთან კოჰაბიტაციაში გაატარა, მანამ სანამ სერიოზული პრობლემები არ გაუჩნდა წინასაარჩევნოდ” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს “ქართული ოცნება” ამ კადრებს იყენებს იმისათვის, რომ არჩევნების წინ რეალობა შეცვალოს.
“ამაზრზენი და აღმაშფოთებელია, როდესაც ადამიანების უბედურების გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისათვის. არანაკლებ დამნაშავეა “ქართული ოცნება” იმაში, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ბედავს თითის ქნევას. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ორივე ძალა უნდა წავიდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ეშველოს ქვეყანას. თუ მოსახლეობა კიდევ გადაყლაპავს ამ ტყუილებს, რითიც ბიძინა ივანიშვილი კვებავდა ხალხს და კვლავ ამ ორ ძალას შორის გააკეთებს არჩევანს და არ დაინახავს ჯანსაღ ძალას, რომელიც ჩვენი სახითაა წარმოდგენილი, მაშინ როგორც ბიძინა ივანიშვილმა განგვიცხადა რამდენიმე დღის წინ, საკუთარ თავს დავაბრალოთ ყველაფერი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Comments
Loading...