ნინო ბურჯანაძე ე.წ. პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მიმართავს და ღია დისკუსიას სთავაზობს

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ უბლოკო სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე სტატუსს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ნინო ბურჯანაძე ე.წ. პროდასავლურ პარტიებს, რომლებიც უბლოკო სტატუსს ეწინაღმდეგებიან, პირდაპირ ეთერში ღია დისკუსიას სთავაზობს, სადაც ისინი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსისა და ნატო-ს მნიშვნელობის შესახებ საკუთარ არგუმენტებს წარადგენენ.

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა პოლიტიკოსებს მიმართა, ის პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები მოიყვანონ, რომელიც აგვისტოს 2008 წლის შემდეგ არსებული რეალობიდან და მსოფლიოში და რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აქტუალურია.

„მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები, რომლითაც მოსახლეობას მისცემთ მყარ საფუძველს იფიქროს, რომ თქვენ ხართ მართლები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი ხსნა, მე და ჩემი მეგობრები კი მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ მისი გადარჩენა არის არც ამერიკის შტატობა, არც რუსეთის გუბერნიობა, საქართველოს გადარჩენა არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება და საქართველოს გადარჩენა არის სწორედ ის, რომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ღია დისკუსიის ფარგლებში მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე, მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, თუ რა სჭირდება ქვეყანას უკეთესი მომავლისთვის.

„ბუნებრივია, მე არ მაქვს არც თოქ-შოუებში მონაწილეობის პრობლემა, თუმცა თოქ-შოუ მოსახლეობას ვერ აძლევს სრულყოფილ ინფორმაციას, გთავაზობთ გავმართოთ გნებავთ კონფერენცია, გნებავთ დისკუსია, გნებავთ ანალიზი, რომელიც სრულად გადაიცემა ეროვნული მაუწყებლების მიერ პირდაპირ ეთერში. არავისზე ნაკლები ჭკუის არ გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათ შორის იმ ე.წ. პოლიტიკოსებზე ნაკლები ჭკუის, რომლებიც უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან. გთავაზობთ ისტერიული ფონისა და შეურაცხყოფის გარეშე მოვასმენინოთ მოსახლეობას არგუმენტები და მათ გადაწყვიტონ, რა სჭირდება ჩვენს სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. მზად ვარ ასეთი ღია დისკუსიისთვის“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

Comments
Loading...