ქვეყანა არ ვითარდება ისე, როგორც სახელმწიფო უნდა ვითარდებოდეს, – ის ვითარდება კერძო პირის საწარმოსათვის, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ”ივანიშვილმა პოლიტიკური ცხოვრება მოკლა”. ”პრობლემა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ჰქონდეს მექანიზმები, ბერკეტები და აბსოლუტურად ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა. ამისთვის ის იყენებს მოსყიდვას, შანტაჟს და ბევრ სხვა მეთოდს, რომელიც გარწმუნებთ, არაფრით სჯობს თავში ჯოხის ჩარტყმას, თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ საპროტესტო აქცია რომ იყოს და ქუჩაში გამოვიდეთ, ისევე არ გაგვიმასპინძლდებიან ჯოხებით, რა მეთოდებითაც ”ნაციონალური მოძრაობა” გვიმასპინძლდებოდა. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი კვდება და ეს რეალურად დამანგრეველია ქვეყნისთვის”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის აზრით, ”ივანიშვილი საკუთარ ოპოზიციას ქმნის პარლამენტში და საკუთარ ოპოზიციას პარლამენტს გარეთაც შექმნის”. ბურჯანაძეს დღეს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს ივანიშვილის იმ ოპოზიციაში, რომელიც პარლამენტს გარეთ ჩამოყალიბდება.