ნინო დიდებულიძე – ლაშას მეგობარმა მომიყვა, რომ ოქროპირიძემ მას სამჯერ ესროლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე, რომელმაც საქმის ახალ გარემოებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მკვლელობის ფაქტს შეესწრო ლაშა მახარაძის მეგობარი, რომელმაც თავად დაინახა, როგორ ესროლა ოქროპირიძემ მახარაძეს.

“ეს არის არჩილ დათუნიშვილი, რომელთან ერთადაც ლაშა იმ საღამოს იმყოფებოდა აბაშიძის ქუჩაზე. ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ მეგობრის დაბადების დღეზე. დათუნიშვილი მკვლელობის შემდეგ ჩემთან არ მოსულა. ის სტრესში იყო, რადგან ჩემი შვილი ხელებში ჩააკვდა, თუმცა მან გადალახა სტრესი, აგვისტოში მოვიდა და დეტალურად მომიყვა ყველაფერი. როგორც ის ამბობს, ოქროპირიძე მანქანით მივიდა და ლაშას ვიღაცაზე ჰკითხა, სად არისო. ლაშამ უთხრა, მანქანიდან რატომ მელაპარაკებიო, რის შემდეგაც ოქროპირიძემ სამჯერ ესროლა. დათუნიშვილი იხსენებს, რომ ლაშა წაიქცა, მალე კი გაშავდა და მოკვდა”, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
როგორც იგი განმარტავს, ლაშა მახარაძის მეგობარი საშინელ მდგომარეობაშია და ოქროპირიძის მიმართ პირადი ანგარისწორება სურს.

“არჩილ დათუნიშვილი არის საშინელ მდგომარეობაში, რადგან ლაშას ვერ უშველა. მითხრა, რომ არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რომ სურს ის გაათავისუფლონ, რათა ღორივით თვითონ დაკლას. მე მოვუწოდე, რომ არ მინდა ჩემი შვილის მეგობარი მკვლელ ოქროპირიძეს დაემსგავსოს”, – აღნიშნა მან.
ლაშა მახარაძის დედის დაკითხვის შემდეგ, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ არჩილ დათუნიშვილი გამოძიების პროცესში დაიკითხა, თუმცა მას აღნიშნული გარემოების შესახებ არაფერი უთქვამს.

წყარო
cp.ge

Comments
Loading...