ნინო გვენეტაძე: კონკრეტულად მე არავითარი ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვარ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, როდესაც ის პოლიტპატიმრების შეწყალების საკითხზე კომისიის წევრი იყო, მასზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა.

ამის შესახებ მან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების თემაზე ის სამუშაო ჯგუფში ექსპერტის რანგში იყო მიწვეული.

„პოლიტპატიმრების თემაზე სამუშაო ჯგუფში ექსპერტის რანგში ვიყავი მიწვეული. კონკრეტულად მე არავითარი ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვარ. ეს იყო ძალიან დატვირთული, შრომატევადი და საპახუსისმგებლო სამუშაო, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი დასკვნებით და შეფასებებით შემოვიფარგლეთ, ხოლო გადაწყვეტილებას შესაბამისი კომიტეტი და შემდეგ უკვე პარლამენტი იღებდა“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, წელიწადნახევრის წინ, რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული.

შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, ზოგიერთი საჯარო მოხელე კონკრეტული პატიმრების საქმეების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იჩენდა.

ელისაშვილისა და ქორიძის განცხადებებით პროკურატურაც დაინტერესდა, სადაც შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები დაკითხეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.