ნიუ-იორკის სასამართლომ ამერიკული ვიზების მქონე მიგრანტების აეროპორტებიდან გაძევება დროებითი აკრძალა

ნიუ-იორკის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ამერიკული ვიზების მქონე მიგრანტების აეროპორტებიდან გაძევება დროებითი აკრძალა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანების მიუხედავად მიიღო. ამ სახით მოსამართლე ენ დონელიმ ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის სარჩელი დააკმაყოფილა. კავშირის ცნობით, გადაწყვეტილება სატრანზიტო ზონებში მყოფ 200-მდე ადამიანს შეეხება.

თეთრი სახლის ლიდერის მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიელი დევნილების მიღება განუსაზღვრელი ვადით და სხვა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების მიღება 120 დღით შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტმა „ქვეყნის რადიკალური მუსლიმებისგან“ დაცვის სურვილით იხელმძღვანელა.

ტრამპის განკარგულებიდან გამომდინარე, ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებმა ამერკაში გაფრენაზე უარი უნდა თქვან, თუ მათ ბინადრობის უფლება ან დიპლომატიური ვიზა არ აქვთ.

ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის გარდა, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ამერიკის ეროვნულ ცენტრსაც შეაქვს. მსგავსი სურვილის შესახებ ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭომაც განაცხადა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ კრიტიკა გაეროს მხრიდანაც დაიმსახურა.

Comments
Loading...