ნოდარ ხადური – ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, სწორედ ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად მთავრობის დამსახურებაა ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა ხელისუფლების და მათ შორის საგადასახადო ინსტიტუტების ტერორისაგან. “ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს. ბიუჯეტი გახდა მეტად გამჭვირვალე. 2015 წელს საქართველო არის მე-16 ადგილზე 102 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი სოციალური ვალდებულებების აღება და შესრულება ისე, რომ ფისკალურ სტაბილურობას საფრთხე არ შევუქმენით”, – განაცხადა ხადურმა. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო დარჩება და გახდება უფრო მეგობრული ბიზნესისისადმი. “ფინანსთა სამინისტრო გახდება მეტად მეგობრული ბიზნესისადმი და არა ბიზნესმენებისადმი. ჩვენ ვიქნებით მეგობრული ზოგადად ბაზრისადმი. დავაწესებთ ნათელ თამაშის წესებს, ნაკლებ გამონაკლისებს, კონკურენტულ სუბსიდირებას, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიზნით შემოვიტანთ საკანონმდებლო ცვლილებებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ბიზნესისათვის”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.