ნოდარ ნათაძემ ღირსების ორდენი პრეზიდენტს უკან დაუბრუნა

„სახალხო ფრონტის” გამგეობის თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნოდარ ნათაძემ ღირსების ორდენი პრეზიდენტს, მიღების დღესვე, უკან დაუბრუნა.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის სამი წევრი ღირსების ორდენებით 7 დეკემბერს დააჯილდოვა.

როგორც ნათაძემ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტს ნინო მიქიაშვილს განუცხადა, ორდენი მას „ჟანრობრივად არ ეკუთვნოდა“.
იგი ამბობს, რომ ორდენი პრეზიდენტს ოფიციალური გამოსვლის შემდეგ, ხელიდან ხელში გადასცა, – „მითხრა, – მუშაობა გაგიწევია და ორდენი რატომ არ გინდაო. პარლამენტის მუშაობა გუნდურია და ფასდება გუნდურად. მე რომ ორი გოლი გავიტანო და მაინც წავაგოთ, თამაში წაგებულია“.
ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საქართველოში პირველი მრავალპარტიული პარლამენტის შექმნაში გაწეული ღვაწლისთვის ღირსების ორდენი პრეზიდენტმა 7 დეკემბერს, ასევე გადასცა პროფესორ მზექალა შანიძეს და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს გიორგი ხოშტარიას.

Comments
Loading...