ნოე ჟორდანია – ეროვნული გმირი თუ სამშობლოს მოღალატე

12642569_963069497094929_5299323850758384690_n

ქართველებს გვიყვარს პიროვნებების ცალსახად შეფასება და შესაბამისად, ისტორიულ ფაქტებშიც მხოლოდ „კარგს“ ან „ცუდს“, მამულიშვილებს, გმირებს ან მოღალატეებს ვეძებთ. საზოგადოება ხშირად სტერეოტიპებით აზროვნებს და ასევეა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის-ნოე ჟორდანიას შემთხვევაშიც. ამავე საზოგადოების ერთი ნახევარი დაახლოებით ასე ფიქრობს: „ნოე ჟორდანია-ქვეყნის მოღალატე, ილიას მკვლელი (ნოე ჟორდანია ილია ჭავჭავაძეს” ქართველი ხალხის დამღუპველს“,”კაცთმოძულეს“,” ბნელეთის მოციქულს“, “დემოკრატიის მტერს” უწოდებდა), უჯიშო ინტერნაციონალი, უხერხემლო პოლიტიკოსი და ა.შ“, მეორე ნახევარი კი ასე-„ნოე ჟორდანია-საქართველოს დამუკიდებლობისათვის მებრძოლი, ბოლშევიკების მიერ წამებული გმირი, ნიჭიერი დიპლომატი და ა.შ“

სწორედ ასე გვებოძა ისტორიის სახელმძღვანელოებიდან მარტივი შაბლონი: ნოე ჟორდანია იყო პირველი რესპუბლიკის მეთაური და ამდენად ,,კარგი” ან ცუდი“. ამასთან დაკავშირებით გვახსენდება მისი დამოკიდებულება ეროვნულ საკითხთან ზოგადად და ჩემი აზრით, ისტორიის ცინიზმია ის, რომ სწორედ ამ ,,უჯიშო კოსმოპოლიტს,” ქართული ნაციონალური იდენტობის უარმყოფელს და იმპერიის პროლეტარიატზე ორიენტირებულს ხვდა წილად სათავეში ჩასდგომოდა ირედენტიზმისა და სეცესიის პროცესს- თავდაპირველად საკმაოდ ზერელედ და წინააღმდეგობრივადაც კი.

ფაქტიურად მას არ სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა და გერმანელებმა ხელში ძალით შეაჩეჩეს. მაგრამ შემდეგ და შემდეგ მან საკმაოდ წარმატებით მოირგო საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი და თავისდაუნებურად გახდა მსახური იმისა, რასაც ადრე ებრძოდა და უნდა ითქვას-სხვათაშორის საკმაო წარმატებითაც (3 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმები სწორედ ამაზე მეტყველებენ).

ამ მხრივ ნოე ჟორდანია მართლაც საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა და მისი მოღვაწეობა ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენს: 1. ნოე, როგორც მოღვაწეობის საწყის ეტაპზე ანტიეროვნული იდოლოგიის გამტარებელი, ილიას ერთ-ერთი აქტიური იდეოლოგიური მოწინააღმდგე და ამის პარალელურად რუს სოციალ-დემოკრატებში საკმაოდ პატივსაცემი პიროვნება. 2. ადამიანი, რომელიც თავისი მოღვაწეობის არც ერთ ეტაპზე ქვეყნის დამოუკიდებლობაზე არ ფიქრობდა, ბედის ირონიამ დამოუკიდებელი საქართველოს მეთაურად აქცია. მართლაც, ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე საკუთარ მოგონებებშიც კი ამტკიცებენ, რომ მათ ევროპის სოციალისტური იდეები უფრო აინტერესებდათ, ვიდრე ნაციონალური და ამიტომ პოლონელ და რუს სტუდენტთა მარქსისტულ წრეს შეუერთდნენ ვარშავის უნივერსიტეტში. ისინი კითხულობდნენ პლეხანოვს, კაუცკის, მარქსს, კამათობდნენ, საერთაშორისო სოციალისტური კონგრესის შესახებ და პირველ მარქსისტულ შრომებს განიხილავდნენ.

სწორედ ვარშავაში, ჟორდანიამ „თავისი ნაროდნიკული სკამი მარქსისტულზე გაცვალა“. ის კითხულობდა ევროპელი სოციალისტების ნააზრევს, სწავლობდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის განვითარების ისტორიას, შეხვდა „ნამდვილ“ მუშათა კლასს და ამასთანავე რუსულ სოციალისტურ უტოპიასთან დაკავშირებით ილუზიები დაემსხვრა. კერძოდ, მან უშუალოდ გაიგო ეროვნული საკითხის მნიშვნელობა.

ჟორდანია წერს თუ როგორი შოკი მიიღო, როცა რუსმა ჟანდარმაა შენიშვნა მისცა მატარებლის კონდუქტორს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ერთ-ერთ მგზავრთან პოლონურ ენაზე ლაპარაკობდა. მაგრამ ამასთანავე ის აღწერს იმ სიძნელეებსაც, რაც რუსული ენის ბოიკოტირების დროს შეხვდა: მაღაზიაში, სადაც თაბახს და კალმებს ყიდულობდა, არცერთი პოლონელი გამყიდველი მას რუსულად არ დაელაპარაკა, რადგან რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა წინააღმდეგ ოფიციალურად გამოცხადებულ ბოიკოტის მოთხოვნებს ასრულებდნენ. ამ ქალაქმა მიახვედრა ჟორდანია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურის უფლებებისათვის ბრძოლას.

12715467_1011251172245155_5286476098388575703_n

მიუხედავად იმისა, რომ ნოე ჟორდანია სოციალ-დემოკრატი იყო და მარქსისტულ იდეებს იზიარებდა, მან შეადგინა პარტიის სამოქმედო პროგრამა, რომელსაც „რა არის გასაკეთებელი“ ჰქონდა სათაურად და ვარშავის ქართველმა სტუდენტებმა სწორედ ეროვნული საკითხის წინ წამოწევის გამო დაიწუნეს ის. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის ორიგინალი არ გადარჩენილა, ის გასაოცარ შთაბეჭდილებას მოახდენდა დღევანდელ მკითხველზე, რადგან იმდენად ზუსტად შეესაბამება ყველაფერი 21-ე საუკუნის საქართველოსაც კი.

მასში განხილულია ერისა და სახელმწიფოებრიობის ბუნება, გლობალიზაციის ზემოქმედება კულტურაზე, ომის შედეგები მცირე ერებზე და ამ უკანასკნელთა ურთიერთოებები ძლიერ, იმპერიულ სახელმწიფოებთან და ევროპასთან. საქართველოს ჩამორჩენილობაზეც ბევრს საუბრობს ჟორდანია, ისევე როგორც ქვეყნის დაყოფა-დანაწილების ისტორიაზე და მის დამონებაზეც ძლევამოსილი სახელმწიფოების მიერ. აქ ნოე ჟორდანიას უმთავრესი დარდი და საფიქრალია, შეძლებს თუ არა ოდესმე საქართველო, ბოლო მოუღოს თავის გასაცოდავებულ და გათიშულ-დანაწევრებულ მდგომარეობას და შექმნას „ერთადერთი და სრულად გაცნობიერებული ეროვნული „მე“. სასოწარკვეთილი ჟორდანია კითხულობს: „ნუთუ ხსნა არსად არის? ნუთუ საქართველოს შეგნებულად გაერთიანება შეუძლებელია? თუ კი მთელი ჩვენი ისტორია მიმართული იყო ქართველობის დაცალკევებისკენ, რა სასწაულით უნდა მოხდეს დღეს ეს სასურველი ერთობა? ნუთუ ისტორიული მოძრაობა არავითარ კანონს არ ექვემდებარება?“

ამ ყველაფრის საპირისპიროდ, „საქართველოს ოქროპირად“ წოდებული სპირიდონ კედია თავის დაუმთავრებელ წერილში ნოე ჟორდანიას შეფასებისათვის წერს: „ბნ. ნ. ჟორდანიას ნაწერი ადამიანში ზნეობის ტკივილს იწვევს. ამ მწერალს არ აქვს სიმართლის ოდნავი პატივისცემა. მასში ჩახშულია შინაგანი ხმა, სინდისს რომ ვეტყვით, ადამიანის უმაღლესი მსაჯული რომ არის და მას ღმერთებთან რომ აკავშირებს; ყოველთვის ცუდს რომ გვიშლის და კარგისათვის რომ გვაქეზებს. ზნეობა და მისი დასაბამი, ადამიანობას რომ გვანიჭებს და კაცთა სულიერი დაწინაურების წრფელი საფუარი რომ არის, მის არსების არც ერთ უჯრედს თითქოს არასოდეს გაჰკარებიაო. მის კალამს ნამუსი არ აქვს და მის მელანს სირცხვილის გრძნობა… ბნ. ჟორდანიას შეუძლიან ცივად უარყოს ის, რაც მთელი სიცოცხლე უკეთებია და დაიჩემოს, რაც არასოდეს აზრადაც არ მოსვლია; თავისი შენ მოგაწეროს, შენი წაგართვას და მიითვისოს. და ამას ის ჩადის ისეთის თავმოწონებთ, თითქოს ეს დასაძრახი კი არ იყოს, არამედ კანონიერი და სამართლიანი საქმე! (მოდით და ამისთანა ადამიანს ელაპარაკეთ).

12642569_963069497094929_5299323850758384690_n

კამათს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მხარეთა შორის ,,მოციქული ნამუსია”, როცა მათ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ზნეობის იგივე წესები, სინდისის იგივე ვალდებულებანი და აზროვნების იგივე ნორმები. უამისოდ ყველაფერი ფუჭია: ფაქტი არ ფაქტობს, არგუმენტი არ არგუმენტობს და ლოღიკა არ ლოღიკობს. უბედურებაა ასეთი კაცი საზოგადოებისათვის. უბედურება მით უფრო დიდია, რაც უფრო ფართოა მისი მოქმედების ასპარეზი.“(სპირიდონ კედია იმ ასეულობით ემიგრანტს შორისა იყო, რომლებიც ანტისაბჭოთა ქმედებების გამო გადაასახლეს. ის ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეალების ერთგული დარჩა ბოლომდე).

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას: არსებობს ფაქტები როგორც იმის დასამტკიცებლად, რომ ნოე ჟორდანია იყო „მოღალატე“, ასევე იმისაც, რომ ის იყო „ეროვნული გმირი“, მაგრამ ეს ადამიანი დღემდე რჩება გამოცანად მისივე პოლიტიკური ქმედებების გამო, ხოლო ზოგიერთი მას „ქამელეონსაც“ კი უწოდებს.

და თუ მხოლოდ „საქართველოს მოღალატე“ იყო, მაშინ გაუგებარია, რატომაა მის საფლავზე წარწერილი ასეთი ეპიტაფია:

„საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,

მიწა მიჰქონდა, მიწა ტკბილი, მიწა მარადი…

შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან

ქართული მიწავ და ამიტომაც დაპატარავდი!…

ვარ საქართველოს ბედდამწვარი ჭირისუფალი,

ქვეყნის ნათელი მომავლისთვის მსურს გავიხარო,

თუ საქართველო არ მენახო თავისუფალი,

დე, მტვრად ქცეული მე მენახოს მთელი სამყარო!…“

და თუ ეროვნული გმირი იყო, მაშინ რატომ დათმო ასე ადვილად საქართველოს დამოუკიდებლობა და რატომ გაიქცა საფრანგეთში? ვინ იცის… ვინ იცის…<

Comments
Loading...