ნუ მივაყენებთ კედელთან ახალგაზრდა გოგონას, მისი ლანძღვა-გინების მეტი ვერაფერი წავიკითხე

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი

პროკურორის შვილის დაფინანსების თემას საზოგადოების აღშფოთებაც მოჰყვა და პროკურორის რეაქციაც- სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი 5400 ლარი ბატონმა პროკურორმა ბიუჯეტს დაუბრუნა. ფაქტი ცუდია. შედეგი- სასარგებლო! როგორც მერიისთვის, ისე სოციალურად დაცული პროკურორების, ექიმების, თუ ადვოკატებისთვის. ასევე, ზოგადად, ძლიერთა ამა სოფლისათა- ს ბიძაშვილ- მამიდაშვილებისთვის.

მაგრამ თუ ვინმეა დამნაშავე ამ ისტორიაში, ვფიქრობ, ეს თბილისის მერიის უპასუხისმგებლო ქმედება და გადაწყვეტილებაა. დალოცვილებო, თუ წარმატებულ თანამშრომელს აფინანსებთ, სოციალურად დაუცველი ადამიანების ხარჯზე რატომ აკეთებთ ამას?! გააკეთეთ სხვა, მიზნობრივი და პროფილური ფონდებიდან.

მეორე- როცა საკითხი შვილების თემას ეხება, ვცდილობ ყოველთვის ზომიერი ვიყო. სოციალურად დაცული ვარ, მაგრამ ჩემი შვილების გაგზავნას უცხოეთის რომელიმე სასწავლებელში ნამდვილად ვერ გავწვდები, ამიტომ თუ (ხაზს ვუსვამ) ჩემი შვილი კონკურსს გაივლის, თავს წარმოაჩენს და რაიმე ტიპის გრანტს მოიპოვებს, იქნება ეს საბიუჯეტო, თუ საერთაშორისო დონორების გრანტი, მხოლოდ გამეხარდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების ხარჯზე გამოყოფილ სახელმწიფო დაფინანსებაზე ცალსახად უარს ვიტყვი.

პროკურორის შვილის მაგალითზე მე ის დავინახე, რომ წარმატებულ ახალგაზრდას ცოდნის მიღების საშუალება მიეცა, რა უზრუნველყოფასაც, როგორც ჩანს, მისი ოჯახი ვერ შეწვდა. როცა ცოდნა გწყურია და გშია, ეს კარგია, მაგრამ ცუდია, რაც თბილისის მერიამ გააკეთა. დაფინანსება სოციალურად დაუცველთა ხარჯზე გამოყო. ეს ყოვლადდაუშვებელი და მიუღებელია. ეს ქმედება პროვოკაციულ ქმედებას უფრო წააგავს, ვიდრე საღი აზროვნების ნაყოფს. დავიჯერო, ან ასეთი უმეცრები მუშაობენ მერიაში, ან ასეთი დახვეწილი პროვოკატორები?! უფრო, პირველი, ალბათ.

ახლა მესამე- ეს რომ სააკაშვილის ეპოქა ყოფილიყო, თანხას ბიუჯეტში არავინ დააბრუნებდა. გვარბევდნენ და ჩვენს დარბევაში ზონდერ- პოლიციელებს პრემიად 10 000 ლარს ჩუქნიდნენ, სხვათა შორის- ბიუჯეტიდან და, სხვათა შორის- სოციალურად დაუცველთა ხარჯზე. მაშინ ეს ტაბუდადებულ თემად ითვლებოდა. კარგია, რომ დღეს არ არსებობს თემა, რომელსაც ტაბუ ადევს. კარგია, რომ ბატონი პროკურორიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და თანხას სახელმწიფოს უბრუნებს.

მეოთხე- მე ყველაფერი მესმის, მაგრამ ლმობიერი ვარ ახალგაზრდების… მოსწავლეებისა და სტუდენტების მიმართ. ლმობიერი ვარ ჩემი ოპონენტებისა და, გნებავთ, მტრების შვილების მიმართ. მე არ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა გოგონამ დაფინანსება დაუმსახურებლად მიიღო, უცოდინარი იყო და ვიღაცამ წინ წაწია. მან არასწორად მიიღო ეს დაფინანსება! მე არც ის მიკვირს, რომ პროკურორის შვილს 5400 ლარი არ ჰქონდა.

მამაჩემი ცნობილი ქირურგი იყო, სოციალურად დაცული, მაგრამ 1000 დოლარი ვერ შეაგროვა, რომ კრაკოვის უნივერსიტეტში ჩემი გამარჯვებული პროექტი დაეფინანსებინა. თანადაფინანსება იყო საჭირო. ამიტომ ნუ მივაყენებთ კედელთან ახალგაზრდა გოგონას. დღეს მისი ლანძღვა-გინების მეტი, ვერაფერი წავიკითხე. მეტი თავშეკავება გამოვიჩინოთ.

გავიხსენოთ, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში რამდენი მინისტრის შვილმა მიიღო დაფინანსება ბიუჯეტიდან, რამდენის სიდედრმა და ბებიამ იმკურნალა კარლოვი ვარში ბიუჯეტის ხარჯზე და, უბრალოდ, ნუღარ გავიმეორებთ იგივე უსინდისობას და გაუმაძღრობას. ვიმეორებ: ამ ნეგატიურ ისტორიას ჰქონდა პოზიტიური შედეგი- დიდი იმედი მაქვს, რომ მეორედ თბილისის მერია მსგავს სამარცხვინო გადაწყვეტილებას აღარ და ვეღარ მიიღებს.

ისე, პატიოსანი პროკურორის, ადვოკატის, ჟურნალისტის, ნიჭიერი… წარმატებული შვილების სტაჟირებას, თუ სწავლებას უცხოეთში უნდა აფინანსებდეს სპეციალური საგანმანათლებლო ფონდი, სადაც კერძო ბიზნესისა და ნაწილობრივ ბიუჯეტის სახსრების აკუმულირება მოხდება. გაიარა კონკურსი, მოიგო გრანტი და არავის არაფერი მოაკლო. ღირსეულად მოიპოვა. არა სოციალურად დაუცველთა ხარჯზე!

Comments
Loading...