ნუ ცდილობთ მედიის ტოტალურ კონტროლს – ამაო და ბრიყვული გარჯაა – ელისაშვილი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ განცხადებას აკეთებს:

“ხელისუფლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” გასაგონად მინდა დავწერო. პირველი – ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების და მეორე – ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნების მიზნით ცდილობთ მაქსიმალურად აჯანჯღაროთ ეს ქვეყანა. მოსახლეობის ნერვების დაგლეჯვის და ქვეყნის ისედაც მყიფე სტაბილურობის ხარჯზე გინდათ თქვენი ძალიან ვიწრო პოლიტიკური მიზნები განახორციელოთ. მაგრამ “ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც” გავიწყდებათ, რომ თქვენი და თქვენი მომხრეების გარდა კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად ამ გატანჯულ ქვეყანაში ცხოვრება და საქართველოს განვითარება გვინდა. დიახ, განვითარება და არა გაუთავებელი დაპირისპირების, წაქეზების, ველური გრძნობების აშლის და რეალიზების ყურება. ერთიც და მეორეც დაშოშმინდით და დაოკდით! მოეშვას ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან პორნოინდუსტრიაში შეჯიბრს, ნუ ცდილობს მედიის ტოტალურ კონტროლს – ამაო და ბრიყვული გარჯაა ეს. “ნაციონალური მოძრაობა” კი მოეშვას ამ უთავბოლო ხელისუფლების პროვოცირებას, ნუ ცდილობს გამომწვევად ქცევას, ნუ ცდილობთ ხელისუფლებას დააშვებინოთ ფატალური შეცდომა. დაოკდით ორივე მხარე, მოთოკეთ თქვენი მომხრეები. ნუ ცდილობთ კრიზისის შექმნას. მარტო თქვენ არ ხართ ამ ქვეყანაში, უკვე ძალიან ბევრს ყელში ამოგვივიდა “ოცნებაც” და “ნაცმოძრაობაც”. ნუ ეცდებით ჩვენი მოთმინების და ძალის საკუთარ თავზე გამოცდას”, – წერს ელისაშვილი

Comments
Loading...