ობამა-პუტინის შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა

ჩინეთში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოლაპარაკების მთავარი თემა სირიისა და უკრაინის საკითხი იყო.

შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხამდე ლიდერებმა “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში, სხვა საკითხებიც განიხილეს, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურად არ ხმაურდება.

„შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა, მხარეებმა ძირითადად, სირიისა და უკრაინის კრიზისი განიხილეს. ამის შემდეგ, შეხვედრა პირისპირ ფორმატში გაგრძელდა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა შეხვედრის სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ „შეხვედრამ კარგად ჩაიარა“ და „მუშაობა გაგრძელდება“.

ამერიკულ მხარეს შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-ს პრეზიდენტმა სამიტის ფარგლებში, შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთანაც გამართა.

Comments
Loading...