ომბუდსმენი ‘’პროფილის’’ მიერ ბავშვთა სუიციდზე მომზადებული გადაცემის გამო შეშფოთებულია

საქართველოს სახალხო დამცველი “პროფილის” მიერ ბავშვთა სუიციდზე მომზადებული გადაცემის ტელე-ანონსს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების დროს აუცილებელია ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ანონსში სუიციდის გაშუქების მეთოდები ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს.

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ბავშვთა თვითმკვლელობის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, იმგვარად, რომ გაშუქების პროცესში შეუძლებელი იყოს გარდაცვლილის იდენტიფიცირება მისი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი აღნიშნავს მედიის როლს ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და განმარტავს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქების ფორმას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. რიგ შემთხვევებში მედიამ შეიძლება ხელი შეუწყოს, გაზარდოს სტერეოტიპული დამოკიდებულებები კონკრეტული საკითხების მიმართ და უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოების შეხედულებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ თავად არ დაარღვიოს ბავშვის უფლებები. [1]

ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს ეხმიანება საერთაშორისო კვლევები, რომელთა მიხედვითაც, თვითმკვლელობის შემთხვევების მედიაში გაშუქება ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თვითმკვლელობის რისკის მქონე ბავშვთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, თვითმკვლელობის შემთხვევების არაეთიკურმა გაშუქებამ, შესაძლოა, ე.წ. გადამდები ეფექტი იქონიოს არასრულწლოვნებში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პროფილს“, თავი შეიკავოს ბავშვთა თვითმკვლელობის ამ ფორმით გაშუქებისგან, გაითვალისწინოს საკითხის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი, მისი კომპლექსური ხასიათი და შესაძლო უკუეფექტის ფაქტორი.

სახალხო დამცველი ასევე, მიმართავს, სხვა მედია საშუალებებს, უზრუნველყონ სატელევიზიო ეთერში ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქება შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის აუცილებელი გათვალისწინებით, ამასთან, არასრულწლოვანის პირდაპირი თუ ირიბი იდენტიფიცირებისა და თვითმკვლელობის ხერხების აღწერის გარეშე.” ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

Comments
Loading...