„ომის საფრთხე არ არსებობს,” – თურქეთის ელჩი რუსეთთან ინციდენტზე

რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ესკალაციის მიუხედავად, ომის საფრთხე არ არსებობს – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური ანკარა განაგრძობს მცდელობებს რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეს მოსკოვთან ვითარების განმუხტვის მიზნით.

აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთისთვის თავდაპირველად უცნობი იყო, რომელი ქვეყნის თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე.

თურქეთის ელჩის განცხადებით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა პარიზში ვერ შედგა, თუმცა უახლოეს ხანებში ეუთოს მინისტერიალზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება.

„ომის საფრთხე არ არსებობს. ინციდენტი ახალი მომხდარია, თუმცა არამგონია, რომ ეს ეტაპი დიდხანს გაგრძელდება. თურქეთი კრიზისის დეესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. მომხდარი ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, თუმცა ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ დაირღვა თურქეთის საჰაერო სივრცე. ინციდენტის შემდეგ კი რუს კოლეგებთან დაკავშირება ვცადეთ, რასაც ისევ განვაგრძობთ. ვფიქრობ, აუცილებელია დიალოგი, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს,“ – განაცხადა ბექი ლევენთ გუმრუქჩემ.

Comments
Loading...