ონლაინ გამსესხებლები კრედიტებს 1100%-ად გასცემენ

BFN.GE ონლაინ საკრედიტო კომპანიებზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს

ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ამ ველური ბაზრით არ ინტერესდება

საქართველოში ონლაინ კრედიტებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები 500%-დან 1100%-მდე მერყეობს. მიუხედავად ამისა, ამ საკრედიტო ორგანიზაციებს კლიენტი არ აკლია. ეს ფაქტი არამარტო მოსახლეობის ფინანსურ გაუნათლებლობაზე მიუთითებს, არამედ იმაზედ, რომ უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა დღევანდელი ლუკმის საშოვნელად ყველაფერზე წამსვლელია. ხელისუფლება და ეროვნული ბანკი კი საქართველოში საკრედიტო ორგანიზაციების ველური წესებით თამაშს არ იმჩნევს.
ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 3,7 მილიონი მოსახლეობიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარ თავს უკიდურესად გაჭირვებულად მიიჩნევს და სოციალური დახმარების მოლოდინშია. როდესაც ამ რაოდენობის ადამიანს მიმდინარე საარსებო პირობების დაკმაყოფილების პრობლემაც აქვს, ბუნებრივია მათ განათლებასა და პროცესების საღად შეფასებას ვეღარ მოთხოვ. ეროვნული ბანკში კი პრობლემის არსებობაზე საუბრისას, სწორედ, მოსახლეობის ფინანსურ გაუნათლებლობაზე მიუთითებენ.
დავიწყოთ იქიდან, რომ საკრედიტო ორგანიზაციები სესხს 19 წლის ასაკიდან გასცემენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის შემოსავალი ნაკლებად მნიშვნელოვანია. Aამ ასაკის ადამიანები აღებულ სესხს ძირითადად აზარტული თამაშებისთვის იღებენ, შემდეგ ახალგაზრდებში გახშირებული თვითმკვლელობები აღარავის უნდა უკვირდეს.
ამ ველურ ბაზარს პატრონი რომ არ ჰყავს, ეს მათ საპროცენტო განაკვეთებიდანაც კარგად ჩანს. “სესხები.გე’’-ს ვებ-გვერდიდან, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო პირობების ასარჩევად სხვადასხვა ონლაინ კომპანიების პირობებს სთავაზობს, ვგებულობთ, რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი “სისი ლოუნ”-ში – 708%, “ილოუნი” – 435%, “ნეტკრედიტი” – 730%; “ვივუსში” – 435%, “ემაკრედიტი” – 1174%, (“ემაკრედიტს” თავის ვებ-გვერდზე 365%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აქვს მითითებული), “მანიმენი” – 800%; “კრედიტონი” – 850%, “კრედიუმი” – 558%.
მაგალითად, “ნეტკრედიტი” ონლაინ სესხებს 50-დან 1000 ლარამდე, 1-30 დღემდე გასცემს. ერთი თვის საპროცენტო განაკვეთი 19%-ია. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 730%. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს ჯარიმის სახით ერთი პროცენტი დაერიცხება. ანუ 100 ლარის შემთხვევაში დღეში კიდევ 1 ლარი იქნება გადასახადი.

“ონლაინკრედიტში” 50-დან 2000 ლარამდე სესხის აღებაა შესაძლებელი, ამ შემთხვევაში კომპანია სესხს 19 წლის ასაკიდან გასცემს. 50-დან 700 ლარამდე სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთ განისაზღვრება 1132%-დან 384%-მდე, რადგან განმეორებით სესხზე იცვლება მომხმარებლის სტატუსი და შესაბამისად საკომისიოს დარიცხვის განაკვეთიც. თითქმის ასეთი პირობა აქვს, ათეულობით საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდა.
ჩვენი რესპოდენტი მარიამ ჭელია ამბობს, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისი ფინანსური პრობლემები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, როდესაც ასეთ ორგანიზაციას პირველად მიმართა.
“დღეა არ გავა, რომ სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციისგან მაცდუნებელი წინადადებებით ესემესები არ მივიღო. პირველად სესხი – 200 ლარი აგვისტოში ავიღე, სასკოლოდ ბავშვისთვის ტანსაცმლის ყიდვა მინდოდა, თანაც პირველი თვე უპროცენტო იყო. ვიფიქრე, ხელფასს ავიღებდი და გავისტუმრებდი. ხელფასი ისეთი მცირე მაქვს სესხის დაფარვა ვეღარ მოვახერხე, პროცენტი, რომ არ დამრიცხვოდა, სესხის გადასაფარად სხვა ორგანიზაციას მივმართე და ამ დროისთვის თითქმის ყველა ორგანიზაციის სესხი მაქვს გამოყენებული. ახლა კი ვნანობ, რომ ასეთი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ გვიანია. უკვე რამდენიმე თვეა 300-ლარიანი სესხი მაქვს, ყოველთვიური გადასახადი 70 ლარს აჭარბებს. ვადაგადაცილებაზე 10 დღეზე დამატებით 20 ლარი უნდა გადავიხადო’’
, – ამბობს მარიამ ჭელია.

საბანკო სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, ონლაინ გამსესხებლები სესხს წლიური საპროცენტო განაკვეთებით არ გასცემენ, მათი მოგება დიდი ჯარიმები და საკომისიოებია.

“ასეთი არასწორი საქმიანობა, რომელიც შეუსაბამოა მსოფლიო პრაქტიკასთან აუცილებლად აღსაკვეთია. არ შეიძლება სესხი გაიცემოდეს მხოლოდ საკომისიო გადასახადით, ვინაიდან საკომისიო ყოველვიური გადასახდელია. Oონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების დიდი ნაწილი კი ასე მუშაობს. ამასთანავე ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელად მარტო საკომისიო გადასახადი საკმარისი არ არის. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. მსგავსი მარაზმი მარტო საქართველოშია მისაღები – სესხები გაიცემა გაურკვეველი ფორმით’’
, – ამბობს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ ბალტიისპირვეთის ქვეყნების მსგავსად, სადაც მრავლად არიან ონლაინ გამსესხებლები, საქართველოშიც მათი ზედამხედველობა ეროვნულმა ბანკმა უნდა იტვირთოს.

რაც შეეხება სესხის გაცემის პროცედურას, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, რომლითაც აიკრძალება სესხის გაცემა მხოლოდ საკომისიოთი და იქნება განაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი.

“ეს ყველაფერი ერთ საკანონმდებლო ნორმაშია მოსაქცევი. სხვათაშორის, ამ ველური ბაზარზე არამარტო ორნლაინ გამსესხებლები არიან, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკები, ლომბარდები – ყველაფერი მოსაწესრიგებელია. ამისთვის სხვა ქვეყნებში ცენტრალური ბანკები არსებობენ. ჩვენც გვაქვს ეროვნული ბანკი, რომელიც უნდა აწესრიგებდეს საფინანსო სექტორის საქმიანობას. დღევანდელი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პირობებში კი საფინანსო ბაზრის მოწესრიგების პერსპექტვას ვერ ვხედავ, ვინაიდან მათ 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. ვნახოთ ახალი ხელმძღვანელობა რას იზმს’’, – აცხადებს ლია ელიავა.

გარდა ეროვნული ბანკისა, საქართველოში ამ ველური ბაზრის არსებობას არ იმჩნევს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, შესაბამისად საკანონმდებლო პაკეტის მოსამზადებლად ინიციატივა არსაიდან ჩანს

Comments
Loading...