ოპიკი 127,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს საქართველოში

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) საქართველოში ორი, 127,5 მლნ დოლარის პროექტის დაფინანსებას გეგმავს.

აქედან ერთ-ერთი თბილისში, 120 საწოლზე გათვლილი დედათა და ბავშვთა ამერიკული სამედიცინო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს, მეორე კი ფოთში ფოთში შპს “პეის ტერმინალის” ტერიტორიისა და ახალი ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნავმისადგომის კომპლექსის მშენებლობას. პირველი პროექტის ღირებულება 27 მლნ დოლარია, საიდანაც OPIC-ის თანამონაწილეობა 17 მლნ დოლარი იქნება.
კლინიკა ამერიკული სტანდარტებით აშენდება. თბილისში მდებარე ცენტრი რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი გახდება და მოემსახურება პაციენტებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან.
პროექტების განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა ქენეთ ენჯელმა.
OPIC-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი სწორედ ამ ორი პროექტის დამტკიცებას ემსახურება. ეს იქნება პირველი პედიატრიული საავადმყოფო ქვეყანაში, რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას. კორპორაცია ასევე განიხილავს ფოთში შპს “პეის ტერმინალის” ტერიტორიისა და ახალი ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნავმისადგომის კომპლექსის მშენებლობის დაფინანსების საკითხს. ამ შემთხვევაში პროექტის ღირებულება 100.5 მილიონი აშშ დოლარია, OPIC-ის თანამონაწილეობა კი 50 მილიონ აშშ დოლარია. პროექტი ითვალისწინებს 100-მდე დასაქმებულს მშენებლობის პროცესში და 90 -მდე ახალი მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნას პორტის გახსნის შემდეგ.
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) მმართველ დირექტორთან ქენეთ ენჯელთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა კორპორაციასთან ასევე წარმატებული და ორმხრივად ნაყოფიერი იქნება. საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1971 წელს.
OPIC თანამშრომლობს აშშ–ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, რითაც ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ. საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. OPIC მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებაში, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სამთომრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. ასევე OPIC ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას დაფინანსების წყაროზე. 1993 წლიდან დღემდე კორპორაციამ საქართველოში განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში სხვადასხვა მიმართულებით. დღესდღეობით OPIC ჩართულია 20-ზე მეტ აქტიურ პროექტში.

Comments
Loading...