ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 14.0 %-ით გაიზარდა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 14.0 %-ით გაიზარდა.

ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.5 მლნ აშშ დოლარი – 241.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14.0%-ით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.9% იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც მსგავსი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.2% მოდიოდა.

რაც შეეხება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, პირველ ხუთეულში რუსეთი (34.6 მლნ აშშ დოლარი), აშშ (11.6 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (11.3 მლნ აშშ დოლარი), იტალია (10.2 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (8.7 მლნ აშშ დოლარი) შედიან.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.1 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.

Comments
Loading...