ოსმალეთის იმპერიის ისტორია

ოსმალეთის იმპერიის ისტორია (თურქ. Osmanlı İmparatorluğu tarihi, სპარს. دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّه,) — იმპერიის ისტორია, რომელიც არსებობდა 1299-1923 წლებში. თავდაპირველად, 1453 წლამდე, მოიხსენიებოდა, როგორც ოსმალეთის სასულთნო და იგი დაარსა ოსმან I გაზიმ. XVI საუკუნეში, სულეიმან I კანუნის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარებს უმაღლეს მწვერვალს. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში წარმოიქმნა სრულიად ცენტრალური ევროპის დაპყრობის საფრთხე. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერია მოიცავდა ანატოლიას, ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვან ნაწილს, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა სულეიმან I კანონმდებელის შთამომავლებმა იმპერიის გაძლიერება ვეღარ მოახერხეს და რამდენიმე ათეულ წელში, ოსმალეთის იმპერიას დაცემის ხანა დაიწყო, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ოსმალეთის დაკნინების პერიოდი საკმაოდ დიდ ხანს გაგრძლდა, ხოლო ეს ყველაფერი საბოლოოდ 1923 წელს მისი რუქიდან გაქრობით დასრულდა.


დაარსება


ოსმალები იყვნენ შუა აზიიდან მოსული თურქული ტომები. მათ შორის იყო ოსმან I-ც. მათი პირველი წარმომადგენელი, ოსმან I გაზი, თავდაპირველად თურქ-სელჩუკთა ვასალი იყო და მას ევალებოდა, რომ დაეცვა თურქ-სელჩუკები უკვე დაცემის ცანაში მყოფი ბიზანტიის იმპერიასაგან, რომელიც მათთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენდა. შემდეგ ოსმანი, როცა მამა გარდაეცვალა, თურქთა ურდოების ბეგი გახდა, რომლებმაც მიიღეს მისი სახელი და მოიხსენიებოდნენ “ოსმანებად”. 1299 წელს, იგი დამოუკიდებული მმართველო გახდა და სწორედ ამიტომ უწოდებენ ოსმალეთის დამაარსებელსა და მის პირველ სულთანს. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პირველი დედაქალაქი გახდა სოღუთი, რომელიც სასულთნოს დედაქალაქად 1326 წლამდე ითვლებოდა ხოლო მის შემდეგ დედაქალაქი გახდა ბურსა. 1300 წელს, ოსმალეთის სასულთნო მოიცავდა უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ოსმან I გაზის მმართველობიდან იწყება დამპყრობლური პოლიტიკა და ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება, რამაც XVI საუკუნეში უმაღლეს პორტას მიაღწია.[1]

სამეფო დინასტია


ოსმალეთის იმპერიის სამეფო დინასტია იყო ოსმანები. მისი სახელწოდებაც და თავად იმპერიის სახელიც, მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ოსმან I გაზის სახელიდან. ოსმალეთის 6 საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, სამეფო დინასტია არ შეცვლილა. ოსმანებს ჰყავდათ რამდენიმე გამორჩეული წარმომადგენელი: მურად I, ბაიაზიდ I, მეჰმედ II, სელიმ I, სულეიმან I, სელიმ III და მაჰმუდ II. დინასტიას სულ ჰყავდა 36 წარმომადგენელი. პირველი იყო ოსმან I, ხოლო ბოლო წარმომადგენელი იყო მეჰმედ VI. მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერია თურქეთის რესპუბლიკა გახდა, 1924 წელს, ოსმანების ყველა წარმომადგენელი ქვეყნიდან იქნა განდევნილი, რომლებიც დაბრუნდნენ თურქეთში და დღევანდელი მათი წარმომადგენელი არის ერთოღრულ ოსმან V.[2]

XIV-XV საუკუნეები

ოსმან I გაზს დაპყრობილი ჰქონდა თითქმის მთელი მცირე აზია. მის დროს ოსმალეთმა დაიპყრო მნიშვნელოვანი ქალაქები — ბურსა და ნიკეა.[3] მის შემდეგ ტახტი დაიკავა ორჰან I-მა.

ოსმალეთის მტერი არსებობის პირველ წლებში იყო ბიზანტიის იმპერია, რომელიც ყვეალაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო მისი საზღვრების გაფართოვებასა და განვითარებაში. ამიტომ, ოსმალეთის მმართველებს განზრახული ჰქონდათ აეღოთ მისი დედაქალაქი — კონსტანტინოპოლი, რაც ბიზანტიის რუქიდან გაქრობას გამოიწვევდა.

ორჰან I-ის დროს დაარსდა იანიჩართა პირველი კორპუსი, რომელიც იქცა ოსმალეთის ჯარის მთავარ დასაყრდენ ძალად. იანიჩარები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანები და მათ ეკრძალებოდათ დაოჯახება.[4]

მურად I გახდა ოსმალეთის პირველი მმართველი, რომელმაც მიიღო სულთნის ტიტული 1383 წელს. ამ ტიტულს ოსმალეთის მმართველები 1923 წლამდე ატარებდნენ.[5]

ბაიაზიდ I-ის დროს ოსმალეთი თავდაპირველად მნიშვნელოვნად გაძლიერდა. დაიპყრო: ბულგარეთი, სერბეთი, თესალია, მაკედონია. მას ასევე, რამდენიმე მცდელობა ჰქონდა აეღო კონსტანტინოპოლი და მას რამდენიმეჯერ ალყა შემოარტყა, მაგრამ ვერ აიღო. სულთან ბაიაზიდი დამარცხდა თემურლენგის ჯართან და გარდაიცვალა ტყვეობაში.[6]


გამარჯვებული მეჰმედ II-ის შესვლა კონსტანტინოპოლში.
გამარჯვებული მეჰმედ II-ის შესვლა კონსტანტინოპოლში.
ბაიაზიდის გარდაცვალების შემდეგ, ოსმალეთში სრული ანარქია სუფევდა. ოსმალეთი განადგურებული იყო თემურლენგის შემოსევებით. ამას ისიც ემატებოდა, რომ მისმა შვილებმა ოსმალეთი სამ ნაწილად გახლიჩეს. საბოლოოდ, ოსმალეთის მე-5 სულთანი გახდა მეჰმედ I, რომელმაც მთლიანად თავისი მმართველობა თემურლენგის მიერ დანგრეული ოსმალეთის აღდგენას მიუძღვნა.[7]

მეჰმედ I-ის შვილისშვილი, მეჰმედ II ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად არის მიჩნეული. ზოგი მას ოსმალეთის საუკეთესო სულთნადაც კი თვლის. მის დროს ოსმალეთმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხეს მისმა წინაპრებმა: მან 1453 წელს, აიღო კონსტანტინოპოლი, რის შედეგადაც ოსმალეთის სასულთნო ოსმალეთის იმპერიად ჩამოყალიბდა და ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაქრა რუქიდან. ამასთან ერთად, სულთან მეჰმედმა, მოახერხა მორეას, ტრაპიზონის იმპერიის, ბოსნიის, ყირიმის სახანოსა და ალბანეთის დაპრობა. მეჰმედ II-ის დროს შედგა ოსმალეთის კანონების პირველი კრებული. გარდაიცვალა 1481 წელს.[8]

ბაიაზიდ II სულთან მეჰმედის ვაჟი იყო. მას ჰყავდა ძმა ჯემი, რომელიც მართავდა ყარამანის პროვინციას, ხოლო თავად ბაიაზიდი — ამასიის პროვინციას. ყარამანი დედაქალაქთან ბევრად ახლოს იყო ვიდრე ამასია, ამიტომ ჯემს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბაიაზიდისთვის დედაქალაქში უნდა ჩაესწრო. მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან მაცნე, რომელიც ჯემთან მიდიოდა, გზაში ბაიაზიდის მომხრეებმა შეაჩერეს, ამიტომ ბაიაზიდი დედაქალაქში უფრო სწრაფად აღმოჩნდა და ჩაასწრო ჯემს, რომელიც საბოლოოდ ეგვიპტეში მოაწამვლინა. მის დროს, ოსმალეთის იმპერია რამდენიმე ქვეყანასთან განუწყვეტლივ ბრძოლობდა და ამით ის ძალიან სუსტდებოდა.[9]

XVI საუკუნე – იმპერიის ზენიტი

ბაიაზიდ II-ის მმართველობის ბოლო წლებში მის მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობდა დავა ტახტისთვის. 1512 წელს, იგი იძულებული გახდა ტახტი დაეთმო მისი უმცროსი შვილი სელიმისთვის. იგი გარდაიცვალა ამავე წელს.

სულთან სელიმ I-ის მმართველობის პერიოდში, აურაცხელი ომებისაგან დასუსტებული ოსმალეთი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მან დაიპყრო სომხეთი, ანატოლია, ერაყი, სირია, პალესტინა და ეგვიპტე. სულთან სელიმმა მიითვისა ხალიფას წოდება, რის შედეგადაც ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი ამაღლდა მუსლიმანურ სამყაროში. მას ეზიზღებოდა შიიტები და ამიტომ მოაწყო შიიტების ჟლეტა ტახტზე ასვლისთანავე, 1512 წელს. მან ოსმალეთს დაუტოვა სულეიმან I, რომლის დროსაც იმპერიამ მიაღწია ზენიტს.[10]



სულეიმან I კანუნი მიჩნეულია ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. თუმცა, ბევრის აზრით, მასზე უკეთესი სულთანი ოსმალეთს არ ჰყოლია. ის ტახტზე ავიდა 1520 წელს. 1521 წელს დაიპყრო დამასკო და ბელგრადი. 1526 წელს, მოჰაჩის ველზე, უნგრეთის მეფე ლაიოშ II-ს გაუმართა მოჰაჩის ბრძოლა და დამანგრეველი მარცხი აგემა მას. ამ ბრძოლის შედეგად შემოიერთა უნგრეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე დაიპყრო: ალჟირი და ტრიპოლიტანია, დაიბრუნა ერაყი, კუნძული როდოსი და ასევე, შემოიერთა ეგეოსის არქიპელაგის სხვა მნიშვნელოვანი კუნძულები. იგი ვერ იტანდა ირანის შაჰ თამაზ I-ს და მუდმივად ებრძოდა მას. წაართვა: თავრიზი, ბირთვისი და ბაღდადიც. 1555 წელს მასთან დადო ამასიის ზავი, რომლის მიხედვითაც ირანმა და ოსმალეთმა შუაზე გაიყვეს საქართველო. ამ ზავით დასრულდა 1532-1555 წლების ირან-ოსმალეთის ომი. სულეიმან I გარდაიცვალა უნგრეთის მეორე ლაშქრობის დროს, 1566 წლის 7სექტემბერს. მის შემდეგ ტახტზე ავიდა სელიმ II.[11]

სელიმ II-ის დროს იმპერიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთმა დაასრულა არაბეთისა და კვიპროსის დაპყრობა.[12] მისმა ვაჟმა, მურად III-მ განაახლა ომი ირანთან. ეს ომი, რომელიც მიმდინარეობდა 1578-1590 წლებში, ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა და დამარცხდა ირანის შაჰი აბას I. სულთან მურადის დროს, ოსმალეთში სერიოზულად გაიზარდა მექრთამეობა და კორუფცია, რომელიც თითქმის ცხოვრების წესად ითვლებოდა. მურადი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა სახელმწიფო საქმეებს და ძირითადად დროს ჰარემში ატარებდა.[13]

XVII-XVIII საუკუნეები – დაცემის ხანა

მურად III-ის შემდეგ ტახტზე ავიდა მეჰმედ III, რომლის მმართველობის პერიოდიდანაც იწყება ოსმალეთის იმპერიის დაცემის ხანა. იგი იყო ძალიან სისხლისმსმელი და სასტიკი განსაკუთრებით ქრისტიანების მიმართ. მისი მმართველობის პერიოდში მთლიანად მოიშალა შიდა მმაართველობა და კონტროლი ჯარზე.[14]


აჰმედ I-ის დროს, ოსმალეთმა იწვნია მარცხი ირანის შაჰ აბას I-თან, რომელმაც გაყარა ოსმალები საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რომლებიც დათმობილი იყო ზავით. ოსმალეთმა ვერაფრით მოახერხა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და 1612 წელს იძულებული გახდა ეღიარებინა აბას I-ის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები. აჰმედის ბრძანებით სტამბოლში აიგო სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ცნობილია ცისფერი მეჩეთის სახელით, რომელიც მუსლიმანური არქიტექტურის განუმეორებელ შედევრად არის მიჩნეული. სულთან აჰმედი გარდაიცვალა 1617 წელს.[15][16]

აჰმედის შემდეგ ტახტი დაიკავა მუსტაფა I-მა, რომელიც მალევე ჩამოაგდეს ტახტიდან და მის მაგივრად აიყვანეს ოსმან II. ოსმანიც მალევე ჩამოაგდეს ტახტიდან და დააბრუნეს მუსტაფა. 1623 წელს, იგი მეორე ბიძაშვილმა, მურად IV-მ ჩამოაგდო ტახტიდან და გარდაცვალებამდე შინაპატიმრობაში ამყოფა.[17][18]


მურად IV-ის მმართველობის პირველ წლებში იმპერიას მისი დედა და სასახლის საჭურისები მართავდნენ. აჯანყებები მიმდინარეობდა ანატოლიაში, ლიბანში, იემენში, ბაღდადსა და ყირიმში. ამით ისარგებლა აბას I-მა და ბაღდადი და ერაყის არაბული ნაწილი დაიპყრო. მურად IV-მ ნელ-ნელა დააღწია თავი დედას და იმპერიაზე კონტროლი აღადგინა. მისი ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 25 000-ზე მეტი ადამიანი. 1634 წელს განაახლა ომი ირანთან და 1639 წელს საბოლოოდ დაიბრუნა ირანის მიერ წართმეული ტერიტორიები.[19]

მურადის შემდეგ ტახტზე იბრაჰიმ I ავიდა, რომელიც ნახევრადშეშლილი იყო და მალევე ჩამოაგდეს ტახტიდან.[20] ტახტზე ავიდა 6 წლის მეჰმედ IV. მისი მმართველობის პირველ წლებში ინტრიგების ქსელები იხლართებოდა მისი დედისა და ბებიის მიერ, რის შედეგადაც ვენეციელებმა დაამარცხეს ოსმალეთის საზღვაო ფლოტი. 1669 წელს ოსმალეთმა ვენეციას წაართვა კუნძული კრეტა. 1672 წელს, თავად მეჰმედის სარდლობით, დაიწყო ომი პოლონეთთან, რომელშიც პოლონელებმა დათმეს უკრაინის ნაწილი და პოდილიე. 1687 წელს, იგი იანიჩარებმა ჩამოაგდეს ტახტიდან.[21] მის შემდეგ მყოფი სულეიმან II ქვეყნის მართვას არ აქცევდა ყურადღებას და გარდაიცვალა 1691 წელს.[22]

აჰმედ II-ის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთში განადგურდა სლანკამენის ბრძოლაში.[23] 1695 წელს, ტახტზე ავიდა მუსტაფა II, რომლის მმართველობის პერიოდის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო უნგრეთის დაკარგვა, რომელიც 1699 წელს კარლოვიცის ზავით მოხდა.[24]

აჰმედ III-ის მმართველობამ 27 წელს გასტანა, თუმცა ამ დროში იმპერიაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.[25] 1730 წელს, პატრინა ჰალილამ მოაწყო აჯანყება და ტახტზე ავიდა მაჰმუდ I. აჯანყების მოთავე 1731 წელს სიკვდილით დასაჯეს. მისი მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის იმპერია დამარცხდა ირანთან ომში. მაჰმუდმა დაიწყო ომი ავსტრიასა და რუსეთთან. ავსტრიამ დათმო სირია, ბელგრადი და მცირე ვლახეთი. ხოლო რუსეთთან დათმო აზოვი.[26]

მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ოსმან III, რომელიც ვერ იტანდა მუსიკასა და ქალებს. მის დროს განუწყვეტლივ იცვლებოდა დიდი ვეზირები. 1757 წელს დაემართა ინსულტი და გარდაიცვალა.[27]


მუსტაფა III იყო ჭკვიანი მმართველი, თუმცა მას არ შეეძლო შეეჩერებინა ოსმალეთის დაცემის ხანა, რომელიც დაწყებული იყო დიდი ხნის წინ. მისი ბრძანებით დაარსეს ზღვაოსნობის, მათემატიკისა და მეცნიერების აკადემია. ის უფრხოდა ომს, მაგრამ იძულებული გახდა გამოეცხადებინა რუსეთისათვის ომი, რომელშიც სასტიკად დამარცხდა.[28] აბდულჰამიდ I-ის მმართველობის პერიოდში დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის ომი. 1783 წელს, რუსებმა ყირიმი დაიპყრეს. ის იძულებული გახდა დაეწყო კვლავ ომი რუსეთთან. რუსეთის მხარეს აღმოჩნდა ავსტრია. 1788 წელს, რუსებმა ოჩაკოვი დაიკავეს.[29]

აბდულჰამიდის შემდეგ ტახტზე სელიმ III ავიდა, რომელიც ეცადა რეფორმების გატარებას, თუმცა წააწყდა იანიჩარების წინააღმდეგობას. 1807 წელს იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და შემდეგ მოკლეს.[30]

XIX-XX საუკუნეები – დასასრული

მუსტაფა IV-ის მმართველობის პერიოდში გრძელდბოდა ომი რუსეთთან. მას კიდევ მოუწია ტერიტორიების დათმობა.[31] 1808 წელს იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და მაჰმუდ II აიყვანეს. მაჰმუდ II-მ მოსპო იანიჩართა კორპუსი და სამხედრო-ლენური სისტემა. დადო ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1812) და ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829).[32]

აბდულმეჯიდ I-ის დროს შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის ჰიმნი და დროშა, გაუმჯობესდა ტექნოლოგიები ფოსტისა და რკინიგზის შექმნის შედეგად.[33] აბდულაზიზის მმართველობის პერიოდში, დაეცა ბელგრადი და მოხდა გამარჯვება საბერძნეთზე, ასევე მოხდა კრეტას აჯანყება.[34] მისი ძმა, მურად V, რომელიც ტახტზე მის შემდეგ ავიდა, სამი თვის შემდეგ შეშლილად გამოაცხადეს და ციხეში ჩასვეს.[35]

ოსმალეთის მომავალი სულთანი, აბდულჰამიდ II-ც იყო მისი ძმა. ის იყო ოსმალეთის ბოლო სულთანი, რომელსაც სრული ძალაუფლება ჰქონდა.[36] 1909 წელს, იგი შეცვალა მეჰმედ V-მ, რომელსაც არ ჰქონდა ძალა და ქვეყანას მართავდნენ ფაშები.[37]

პირველი მსოფლიო ომის წვლილი ოსმალეთის დაშლაში


ოსმალეთის იმპერიის დაშლაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა პირველმა მსოფლიო ომმა, რომლის შედეგადაც ოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ჩრდ. აფრიკაზე და მის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ და მხოლოდ ანატოლია. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიის ჯარი ძლიერ იყო დასუსტებული და ამხელა ომისათვის მზად არ იყო. მაგრამ ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა, რომ ამ ომში ჩართულიყო. სწორედ ამან გამოიწვია ოსმალეთის იმპერიის საშინელი მარცხი ამ ომში, რამაც ძალიან დაასუსტა ისედაც ძლიერ დასუსტებული ოსმალეთი და თითქმის დაშალა იგი.[38]

იმპერიის უკანასკნელი წლები


პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ოსმალეთის ტახტი დაიკავა მეჰმედ VI, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა და მისი ყოფნა-არ ყოფნა მხოლოდ სიმბოლური საკითხი იყო, თანაც ოსმალეთის იმპერია თითქმის გამქრალი იყო რუქიდან.[39] 1922 წელს, მუსტაფა ქემალ-ფაშა ათათურქმა, იგი გადააყენა, შექმნა თურქეთის რესპუბლიკა და გახდა მისი პირველი პრეზიდენტი. შემდეგში კი, მეჰმედ VI და ოსმანების დინასტიის ყველა წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა. ასე დასრულდა ოსმალეთის 624 წლიანი არსებობა.[40]

თანამედროვე ისტორიოგრაფია ოსმალეთის იმპერიას მოიხსენიებს, როგორც შუა საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს იმპერიას. ზოგის აზრით, XVI საუკუნესა და XVII საუკუნის დასაწყისში, მასზე ძლიერი იმპერია არ არსებობდა. სულეიმან I-ის მმართველობის პერიოდი ოსმალეთის იმპერიის უმაღლეს მწვერვლად არის მიჩნეული. ოსმალეთის იმპერიას თვლიან ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრედ, რომლის დანგრევასა და დასუსტებას, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ერთიანი ძალებით ცდილობდა მთელი ევროპა და რუსეთი. თვლიან, რომ ოსმალეთი თავისი მწვერვალის პერიოდში, იყო ტრადიციულ მტერ, ირანზე ძლიერი და მას თითქმის ყოველთვის ამარცხებდა. თუმცა ის XVII საუკუნის შუა წლებიდან თითქმის აღარ დაუმარცხებია. ოსმალეთი მიჩნეულია, როგორც ჩვეულებრივი იმპერია, რომელიც იწყებს მცირედით, ვითარდება და შემდეგ ეწყება დაცემის ხანა. საბოლოოდ კი რუქიდან ქრება.

Leave A Reply

Your email address will not be published.