ოსური მხარე ქარელის რაიონში მავთულხლართის გაბმას აანონსებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ქარელის რაიონში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართის გაბმას აპირებს, ამის შესახებ განცხადება ერგნეთის შეხვედრებზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა გააკეთა.

„ჩვენ განვიხილეთ დელიმიტაციისა და დემარკაციის აუცილებლობა სახელმწიფო საზღვართან. შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაიცა, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მხარეებში საინჟინრო ნაგებობებს განვათავსებთ“- განაცხადა სანაკოევმა და ერთ-ერთ ასეთ ადგილად ქარელის სოფელ იონჩას მიმდებარე ტერიტორია დაასახელა.

აღნიშნულ განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა, ქეთევან ციხელაშვილის თქმით მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

“კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათ შორის, მომდევნო კვირას, თბილისში, ჟენევის თანათავმჯდომარეების ვიზიტი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ მსგავსი ფაქტის პრევენცია მოვახდინოთ. 2009 წლიდან მოყოლებული პერიოდულად გარკვეული ბარიკადების და დამაბრკოლებელი მონაკვეთების მშენებლობა ხდება. ცალსახად მიუღებელია და ჩვენი მიზანია, ყველა ამ მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადების და მავთულხლართების დემონტაჟი მოხდეს. ეს რეგიონში არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის ქმნის სერიოზულ რისკებს, არამედ ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან ბევრ დაბრკოლებას და პრობლემას უქმნის, რაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სამეურნეო მიწებზე, საძოვრებზე წვდომაში გამოიხატება. ეს ის საკითხია, სადაც ქართული მხარის პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანია იმ ფონზე, როცა ამერიკისა და გერმანიის კანცლერის მხრიდან ძალიან მკაფიო განცხადებები იყო”, – განაცხდა ქეთევან ციხელაშვილმა.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...