საპარლამენტო უმცირესობის წევრ ოთარ კახიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ან არასწორ ინფორმაციას აწვდიან ან ცუდი მრჩევლები ჰყავს.
როგორც კახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, მისი განცხადებები პარტიის ერთიანობას აზიანებს.
„ახალაიებისგან აჟიოტაჟი ისმის და ამ რიტორიკას უკვე სააკაშვილიც აჰყვა. პარტიაში თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, სააკაშვილს არავინ ემიჯნება და მისგან დისტანცირებას არავინ ცდილობს.
ამგვარი ბრალდებების გაჟღერება უხერხულია, მას ან არასწორი ინფორმაციას აწვდიან, ან ცუდი მრჩევლები ჰყავს ან ამგვარ ტაქტიკას მიმართავს, რაც პარტიის ერთიანობას აზიანებს“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის” კონფერენციაზე ვიდეო ჩართვისას თანაპარტიელებს მიმართა.
სააკაშვილის თქმით, თანამებრძოლებად არ თვლის იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში რყევებზე და იქიდან მის გაგდებაზე საუბრობენ.