ოთარ ჭითანავა: სანდრა რულოვსთან თბილი შეხვედრა გაუპატიურებული ხალხის შეურაცხყოფაა

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მერაბ ქვარაიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაციაში ადანაშაულებს.

ჭითანავას თქმით, მერაბ ქვარაია ზუგდიდობის დღესასწაულზე თბილად შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, შემდეგ კი „ზუგდიდობა“ ნაციონალებთან შერიგების დღედ გამოაცხადა.

„მსგავსი ფაქტი „სამეგრელოში ნაწამები და გაუპატიურებული“ ადამიანების შეურაცხყოფაა, იმ ხალხის, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების „ცხრაწლიან რეჟიმს“ ემსხვერპლნენ. კანდიდატმა აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეურიგებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს „პატრიოტთა ალიანსია“, – განაცხადა ჭითანავამ.

ამასთან, ოთარ ჭითანავამ ბრიფინგზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას ბრალი დასდო, რომ მას აქვს მოთხოვნა „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატურა მერაბ ქვარაიას სასარგებლოდ მოხსნას.

აღნიშნულ ბრალდებას მერაბ ქვარაია გამოეხმაურა და ოთარ ჭითანავას მოუწოდა, თავი შეიკავოს შერაცხმყოფელი განცხადებებისაგან.

„თავი შევიკავოთ შეურაცხმყოფელი და თავის წარმოსაჩენად გაკეთებული განცხადებებისგან. საზოგადოებრივი შერიგება რას ნიშნავს, ყველასთვის გასაგებია. ძალადობასთან, მანკიერებასთან მიუღებელია შერიგება. ბუნებრივია, ჩვენ ვართ ერთ-ერთი შეურიგებელი პოლიტიკური ორგანიზაცია“, – აღნიშნა ქვარაიამ.

Comments
Loading...