„ოცნება“ უსუფაშვილის შემცვლელს ეძებს, შემცვლელი ჯერჯერობით, არ ჩანს…

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ცხრა თვე რჩება, მმართველ გუნდს არც საარჩევნო პროგრამა აქვს მომზადებული, არც საარჩევნო სია აქვს დაკომპლექტებული და პარტნიორ პარტიებთან არც კოალიციური შეთანხმება აქვს დადებული და ამ ფონზე უმრავლესობის რიგი წევრები მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესში არიან.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია და არა „ოცნების“, მეორე ნაწილი კი, 2012 წელს, სპიკერად დავით უსუფაშვილის დანიშვნას მის უნარჩვევებს უკავშირებს და არა პარტიულ კუთვნილებას.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, პარტია „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი მოითხოვს, რომ მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე „ოცნების“ წარმომადგენელი იყოს და არა რომელიმე სხვა პარტიის. წყაროს ცნობით, უმრავლესობის რამდენიმე წევრმა აღნიშნულ საკითხზე უკმაყოფილება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთანაც გამოხატა და საკუთარი იდეის გასამყარებლად არგუმენტი მოიშველია, რომ კოალიციაში ყველაზე დიდ ფრაქციას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, შესაბამისად, სპიკერიც მათი რიგებიდან უნდა შეირჩეს.

„ოცნებაში“ აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა რომ არის, ამას for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ადასტურებს, თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ დავით უსუფაშვილი სპიკერად არჩეულია არა კვოტირების მიხედვით, არამედ თავისი კარგი უნარებით.

ვოლსკის თქმით, დავით უსუფაშვილს სპიკერის პოზიცია იმის გამო არ უკავია, რომ ეს „რესპუბლიკური პარტიის“ მოთხოვნაა.

„ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. შეიძლება, დამჩემდა და ყველაფერში პოლიტიკურ სპეკულაციას ვხედავ. დავით უსუფაშვილი არჩეულია არა კვოტირებით, არამედ თავისი კარგი უნარებით მართოს, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და კონსესუსის გარანტი იყოს, როცა კოალიციაში გარკვეულ საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრებებია. ის ამას თავს საკმაოდ წარმატებით ართმევს, რაც ყველას მოსაზრებაა“, – აცხადებს ვოლსკი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ როცა საკითხი პარლამენტის თავმჯდომარეს ეხება, უმჯობესია, გადაწყვეტილება შეთანხმებული იყოს და არჩევანი ისეთ ადამიანზე გაკეთდეს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს პასუხობს.

„ეს იქნება „რესპუბლიკელი“, „ოცნების“ წევრი თუ კოალიციის რომელიმე სხვა სუბიექტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – დასძენს ვოლსკი.

დავით უსუფაშვილის პიროვნულ თვისებებზე მიანიშნებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კოალიციიდან უნდა იქნეს არჩეული და თუკი, რომელიმე პარტიას უსუფაშვილზე უკეთესი ეყოლება, მას ხმას თავადაც მისცემს.

დეპუტატის ფიქრობს – ლოგიკა, რომ „ჩვენ ბევრნი ვართ“ და „ყველა პოსტი ჩვენი უნდა იყოს“, – სწორი არ არის.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ მოწვევის უწყებაში, დავით უსუფაშვილის ტოლს, სწორს და კონკურენტს ვერ ხედავს.

„ფეხბურთში, საბჭოთა კავშირის ნაკრები რომ თამაშობდა, ვინაიდან, რუსები ყველაზე მეტი იყვნენ, ამ ლოგიკით, კაპიტანი რუსი ხომ უნდა ყოფილიყო? ამ ლოგიკით, საბჭოთა კავშირმა მურთაზ ხურცილავას კაპიტნობა როგორ მოიფიქრა? – ე.ი. ყველა ლოგიკა სწორი არ არის. ლოგიკა, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველა პოსტი ჩვენი უნდა იყოს, სწორი არ არის. იქნებ, მომავალ პარლამენტში ისეთი ვარსკვლავი შემოვიდეს, რომ უსუფაშვილი კი არა, რომელიმე ძალიან დიდი ფიგურა დაჩრდილოს. არ დაიჯეროთ, რომ საქართველო ისე გაღარიბდება, უკეთესი არ იყოს“, – დასძენს ბერძენიშვილი.

იქედან გამომდინარე, რომ კოალიციაში კონსულტაციები არც საარჩევნო სიებზე და არც კვოტირებაზე დაწყებულა, უსუფაშვილით „უკმაყოფილო“ დეპუტატებს იმ ადამიანების დასახელება უჭირთ, რომელიც მათი აზრით, უსუფაშვილს ჩაანაცვლებს, თუმცა, იმედს არ კარგავენ, რომ „მჯობნის მჯობნი არ დაილევა“ და მეცხრე მოწვევის უწყებას სათავეში არა „რესპუბლიკელი“, არამედ „ოცნების“ წარმომადგენელი ჩაუდგება.

აქ საგულისხმო ერთი დეტალია. იმ შემთხვევაში, თუკი, კოალიციამ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია და „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან კვოტების გარკვეული რაოდენობის გარდა, მოთხოვნილი სპიკერის პოსტი იქნება, საინტერესოა, „ოცნება“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

for.ge

Comments
Loading...