პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს.

როგორც პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი პრაქტიკულად მთავრდება და გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აქტიურია ტკიპები.

”იყო ტულარემიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შესაძლოა მღრღნელებით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით გადავიდეს. სამი შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში. ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა გვქონდა, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ტკიპებთან მოპყრობისას, ბუნებაში გასვლისას, ძროხების დამუშავებისას. ფერმერები საქონელს ხშირად ტკიპებს ხელით აცლიან. რჩევაა, რომ დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ტკიპებს, არის საშუალებები, რომლებიც ეფექტურად იცავენ შინაურ პირუტყვს ტკიპებისგან. არ არის ძვირი საშუალებები”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის ინფორმაციით, დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიურები და ცოტა ხანში გამოფრინდებიან. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მესამე წელია ახორციელებს კოღოების წინააღმდეგ შავიზღვისპირეთის ფართომასშტაბიან დამუშავებას. იმნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოღოს გამრავლების პირობები არ შევუქმნათ.

წყარო:  interpressnews.ge

Comments
Loading...