პაოლო იაშვილისა და ქართველი კოკო შანელის ბურუსით მოცული სიყვარულის ამბავი

ქართველი სიმბოლისტი პოეტების პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სიყვარულის ისტორია დღემდე საიდუმლოებითაა მოცული.

paolo_iashvili

ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი პაოლო იაშვილი 1894 წლის 29 ივნისს მრავალშვილიანი აზნაურის ჯიბრაელ იაშვილის ოჯახში დაიბადა. პაოლოს სათნო, მორწმუნე და სტუმართმოყვარე დედა ჰყოლია, მამა კი დასავლეთ საქართველოში ცნობილი პროვიზორი იყო.
ჯიბრაელს შეძლებულ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები.
ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა მომავალი პოეტის მსოფლმხედველობაზე, ვინაიდან მასთან ერთად სწავლობდნენ „ცისფერყანწელთა“ მომავალი ლიტერატურული ჯგუფის ცნობილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და სწავლა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში გააგრძელა.
პარიზში ცხოვრების პერიოდში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანის.
ამ პერიოდში, მხატვრობასთან ერთად, პაოლო ფრანგული პოეზიითაც დაინტერესდა და განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ.
1915 წელს მსოფლიო ომსა და ევროპის ქაოსს გამორიდებული პაოლო ქუთაისში დაბრუნდა და ახალგაზრდა პოეტებთან ერთად, „ცისფერი ყანწების“ ორდენი დააარსა. ორდენი 13 ადამიანს აერთიანებდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი).
თავიდან გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა, თუმცა მოგვიანებით მან გუნდი დატოვა.
არსებობს მოსაზრება, რომ ცისფერყანწელთა დაფარული, მე-13 წევრი, რომელსაც თავად პოეტური ორდენის წევრები ხშირად მოიხსენებდნენ, სწორედ ის იდუმალებით მოცული პოეტი ქალი იყო, რომელზეც თავში მოგახსენეთ. ელენე ბაქრაძეზე თავდავიწყებით შეყვარებულ პაოლოს მისთვის სონეტი „ელლი“ მიუძღვნია, რომელსაც სახელის და გვარის ნაცვლად ფსევდონიმი აქვს მიწერილი „…ე.ი…“
„ელლ! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოთქვამს.“

ელენემ და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს.
პაოლო მაშინვე მოხიბლულა ახალგაზრდა ქალით.
თანამედროვეთა მოგონებებიდან ჩანს, რომ ელენე სიმპათიური ქალბატონი იყო. იმდენად კეთილშობილი, მდიდარი შინაგანი ბუნებისა ყოფილა, რომ მასთან 15-წუთიანი საუბარი საკმარისი იყო, რომ ნებისმიერ მამაკაცს თავდავიწყებით შეყვარებოდა.
ელენესა და პაოლოს შორის გაჩენილი სიმპათია სიყვარულში მალევე გადაზრდილა, რაზეც ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილებიც მეტყველებს.
მიუხედვად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა.

eleonoraaaaaaaaaaaaaa

ელენე ბაქრაძე მიღებული და აღიარებული იყო ცისფერყანწელთა წრეში, თუმცა მათ ცოლებს შარვალში გამოწყობილი და სიგარეტით ხელში მოსიარულე „ქართველი კოკო შანელი“ არ უყვარდათ.
ქართველი ქალის საზოგადოებაში ამ სახით გამოჩენა არაფრით არ ჯდებოდა იმდროინდელი საზოგადოების ცხოვრების წესებში და სირცხვილად მიიჩნეოდა, თუმცა მდიდარი შინაგანი სამყაროს გარდა, სწორედ თავისი ინდივიდუალობით და გამორჩეულობით იქცევდა ელენე მამაკაცთა ყურადღებას.
პაოლოს გაცნობიდან მალევე ელენე გარიგებით გათხოვდა გოგი ბერიშვილზე.
საზოგადოებაში ჩურჩულებდნენ პაოლოსა და ელენეს სიყვარულის შესახებ, მაგრამ ამის გამოაშკარავება არავის სურდა. განსაკუთრებით წინააღმდეგი პაოლოს ოჯახის წევრები იყვნენ.
სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პაოლოს დარიანული ციკლის ლექსების გამოქვეყნება.
14 ლექსი, რომელიც „დარიანული ციკლის“ სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული, იშვიათი სიზუსტით და განცდებით აღწერდა ქალის სასიყვარულო განცდებს და ეროტიკულ გრძნობებს. ეს იმ დროისთვის ძალიან თამამი ლექსები პაოლომ ქუთაისში წაიკითხა. მსმენელის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იყო – საზოგადოებამ დარბაზი დატოვა და არც შეურაცხმყოფელი ეპითეტები დაუშურებია.

1916 წელს ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი და დღემდე ძალიან პოპულარული ლექსი „პირამიდებში“:
„იქ სადაც სდუმან პირამიდები, / მზის ქორწილის დროს ტანთ გავიხდით მზისფერ სილაზე. / იქ სადაც სდუმან პირამიდები, შენ მომინდები, / შენი ალერსი, კოცნა თვალებში, შენი სინაზე. / გადმოჰფრინდები ცხენით არაბულით, თვალებდანაბულით. / და შენს ნაზ ხელებს დავეყრდნობით, როგორც ცხელ საწოლს, / და შენ დამკოცნი ვით შენს მონას, დედოფალს და ცოლს. / იქნება ჩვენი სიხარული ტკბილი, ნარნარი, / გავცურავთ ზღვაში, არაფერი მოგვაგონდება, / პირამიდებში აყვირდება დაღლილი რაში, / რუხ სფინქსთან მივა, დიდხანს უმზერს და დაღონდება, / ქალბატონი უნაზესი მოაგონდება. / შიშველი ტანით ნილოსისკენ გავეშურებით / და ლურჯ ტალღებში გავაგრილებთ ვნებათა ხმაურს, / გარინდებული ის ლოდინით, სფინქსის ყურებით / გამოუდგება უდაბნოში თავის სიყვარულს.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შარვალში გამოწყობილი და სიგარეტიანი ცისფერყანწელი ქალბატონის სახე არაფრით ჰგავდა რომანტიკოსთა მუზად ქცეული ქალების ხატებას, თუმცა, გრიგოლ რობაქიძის თქმით, ელენემ ქალური ლირიკა შემოიტანა პოეზიაში:

„დაიტანჯა მაჯა/ მარჯნის/ მძიმე ჯაჭვის/ ტარებით./ბევრი ცრემლი/ დამეხარჯა/ ერთ ღამის/ ნეტარებით./ დაიტანჯა/ მაჯა/ მარჯნის/ მძიმე ჯაჭვის/ ტარებით./ მე ლოყაზე/ დამრჩა/ ფარჩა/ ცხელ პირის/ მოკარებით./ დაიტანჯა/ მაჯა/ მარჯნის/ მძიმე ჯაჭვის/ტარებით./ ჩემს დამტანჯველს/ ღმერთი/ დასჯის/ ქაჯად/ გადაგვარებით.“

სრულიად გასაგები მიზეზების გამო, მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მცხოვრები პოეტი ქალი ეროტიკული ლექსების საკუთარი სახელით გამოქვეყნებას ვერ გაბედავდა და ეს საქმე პაოლო იაშვილს მიანდო. პაოლოს ავტორის ვინაობა არასოდეს გაუმხელია, მაგრამ ადასტურებდა, რომ „არსებობს პოეტი ქალი, რომელიც ლექსებს წერს, მაგრამ საზოგადოებაში გამოჩენა არ სურს, მან ლექსების გამოტანა მე დამავალაო.“

მეოცე საუკუნის მიწურულს ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დარიანული ციკლის ავტორი არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძეა.
გიორგი ჯავახიშვილმა არქივში მოძიებლი მასალა: ლექსები, სურათები და პირადი წერილები, რომლებიც მის ვარაუდს ადასტურებდნენ, გაზეთი „კალმასობას“ რედაქტორ შარლოტა კვანტალიანს მიუტანა.„გიორგი ჯავახიშვილმა მომიტანა „კალმასობაში“ ის მასალა, რომელიც არქივში უნახავს. ეს იყო ლექსები, სურათები, პირადი წერილები. 1997 წელი იყო, ბეჭვდა დავიწყე. ეს იყო, დაახლოებით,
20-მდე პუბლიკაცია, რომლებიც სიყვარულის ისტორიების თავგადასავლებს თვითონვე ჰყვებოდნენ,“ – წერდა კვანტალიანი.
გიორგი ჯავახიშვილის მიერ მოძიებული მასალა ადასტურებდა, რომ დარიანული ციკლის ლექსების დიდი ნაწილი ელენეს შექმნილია. მალე ჯავახიშვილმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით „ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე.“ რაც შეეხება ფსევდონიმს „დარიანი“, თავის პირად წერილებში ელენე წერს, რომ მეტისმეტი სილამაზის გამო სატრფოს ოსკარ უაილდის დემონური სილამაზის გმირის დორიანის სახელი უწოდა, რაც პაოლომ გააპროტესტა – ის ბოროტი იყოო და ქალს უთხრა, შენ თვითონ ხარ.

დორიანი, უფრო სწორად, დარიანიო. ასე გაჩნდა ფსევდონიმი, რომლითაც შეყვარებულები ერთმანეთს მიმართავდნენ. შარლოტა კვანტალიანის თქმით, შეიძლება ფსევდონიმი იყო გამოსავალი, რომ პაოლოს ელენე, როგორც ქალი, დაეცვა საზოგადოების ქილიკისგან.
პაოლო და ელენე ერთმანეთს ამ ფსევდონიმით მიმართავდნენ და სახელიც შესაბამისად საერთო იყო.
ამასთან, ორივე პოეტი სიმბოლისტი იყო, ერთი სტილით წერდა, საერთო ფსევდონიმი ჰქონდა და რთული გასარჩევია, რომელი ლექსის ავტორია ელენე და რომლის – პაოლო.

ბუნებრივია, ტრადიციული ქართველი საზოგადოება გათხოვილი ელენესა და დაოჯახებული პაოლოს სასიყვარულო ურთიერთობას კრიტიკულად უყურებდა, მაგრამ ეროტიკული ლექსების ავტორ ქალბატონს რეპუტაციაზე ფიქრი არ ადარდებდა და მზად იყო, პაოლოს სიყვარულისთვის ყველაფერი შეეწირა.
პირველი ქმრის გოგი ბერიშვილის გარდაცვალების შემდეგ ელენე ბაქრაძე შალვა ქართველიშვილზე გათხოვდა. სავარაუდოდ, ამის შემდეგ, პაოლოსთან იდუმალი ურთიერთობა შეწყდა, თუმცა არ შეწყვეტილა „დარიანული“ ლექსების წერა:
„აი მოვიხსენ ტანზე საფარი! / გადახსნილ მხრებსაც მოელანდა შეხება შენი / ვნებიან გზაზე ჩამობნელდა, არ სჩანს არავინ, / ბავშვობის ლოცვა ვიღაღადე უკანასკნელი. / ჩამეძინება… სიზმრებია ზანტი და მდორე, / დამიწყნარდება გული ჩემი ჯერ ხელუხლები, / ძილში ვიღაცა დამაკვდება, მეამბორება, / ვნების სურვილით მეღუნება მწარედ მუხლები. / დილის რიჟრაჟი გამომტაცებს ცხელ ადამიანს, / ჩემს ნაზ სიყვარულს შენზე დარდი კვლავ მოემატა / და გამწარებულს უცხო კოცნით ქალ-ადამიანს / გონზე მომიყვანს ბუხრის ძირში გამთბარი კატა.“

ამასობაში, მოახლოვდა 1937 – სტალინური რეპრესიების წელი, რომელმაც ცისფერყანწელთა უმრავლეოსობა შეიწირა.
ელენე ბაქრაძის ქმარი შალვა ქართველიშვილი დახვრიტეს, პაოლო იაშვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არადა, თავიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა.
პაოლო იაშვილი საქართველოს გასაბჭოების მოხრე გახლდათ, რასაც ადასტურებს მისი სახოტბო ლექსი „ახალ საქართველოს“. მეტიც, 1927 წელს არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად და დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.
თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა მისი პიროვნული გაორება გამოიწვია:
1924 წლის აჯანყრებაში მონაწილეობის გამო დახვრიტეს პაოლოს ძმა; 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს მისი პარტიული მეგობრები და მასაც დაუსრულებლად იბარებდნენ დაკითხვებზე; პოეტს შემოეცალნენ ძველი მეგობრები და თანამოაზრეები; ბევრი მათგანი „იდეოლოგიური მავნებლობის“ გამო აკრიტიკებდა კიდეც.
ცნობილია, რომ პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე და ბოლშევიკების თვალში „ქულების დაწერაზე“ უარი თქვა ტიციან ტაბიძემ და მალე თავადაც გახდა რეპრესიების მსხვერპლი. პაოლო იაშვილმა, რომელიც გრძნობდა თავის გარდაუვალ დაპატიმრებას, მოვლენებს დაასწრო და 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში თავი მოიკლა.
მოგვიანებით მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო.“
პაოლო იაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ არსად უთქვამს, ვინ იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან.
საბჭოთა ხელისუფლებამ პაოლოს თვითმკვლელობა პარტიისა და წყობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა და პოეტი ხალხის მტრის სახელით დაასაფლავა.

afsafaf-afyafafafafafsaf-afzafafafsaf-afafafafafafsaf-afcafafafafafoe-afcafafafafaf-af-afoeafafafafsafafaf-afafaf-af-afafafafafaf-af-af

ტრაგიკულად წარიმართა ჯიბრაელ იაშვილის მრავალშვილიანი ოჯახის სხვა წევრების ბედიც. როგორც აღვნიშნეთ, პაოლოს ერთი ძმა 1924 წელს დახვრეტეს, მეორე კი 1940 წელს გადაასახლეს.ქმრისა და საყვარელი მამაკაცის სიკვდილის შემდეგ მძიმედ წარიმართა ელენე ბაქრაძის ცხოვრებაც. მას შეერყა ჯანმრთელობა და დაკარგა მხედველობა, თუმცა რეპრესიებს გადაურჩა და ღრმა სიბერემდე იცოცხლა. დიდი ხნის განმავლობაში ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო. პაოლოს გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ პოეტის სრული რეაბილიტაცია მოხდა, 20 წლის შემდეგ კი პაოლოს დარიანული ციკლის კიდევ 20 ლექსი დაიბეჭდა . ელენემ გამომცემლობას მისი ავტორობის აღდგენის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო და ამის გამო ძალიან წუხდა.
პაოლო იაშვილის იდუმალი სიყვარულის ობიექტი 1979 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა, / მივეცი კოცნა მებაღეს და… გაიღო კარი / მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა, / მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!.. / გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია / და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს, / რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია, / ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს…“

„მივდივარ ბუხართან; რა მინდა! რა ვიცი! / ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები. / მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი, / და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები. / და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი, / კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა. / ძვირფასმა მაჩუქა გამხდარი ცინდალი: / მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა.“

funtime.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.