პარლამენტის თავმჯდომარე: იქნებ სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით

„პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ. ისინი ამბობენ, რომ საგარეჯოში შუალედური არჩევნები გაყალბდა, რაშიც თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ. მოშიმშილეებს პარლამენტის თავმჯდომარე _ დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან განაცხადა:
„თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, უნდა შევხედოთ, რა არგუმენტებია. ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ, მაგრამ ამასობაში, მე ახლა ვილაპარაკო, რომ არა არ გაყალბდა… რომ ვთვლიდე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი. შეიძლება არ მეშიმშილა, მაგრამ პოზიცია სხვანაირად გამომეხატა. დამკვირვებლები იმიტომ არსებობენ, რომ ასეთ დროს, მათ თავისი აზრი თქვან და ჩვენც მათ უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მეტი ყურადღება გამარჯვებულ-დამარცხებული მხარეების კომენტარებს მივაქციოთ. ზოგადად, ვისურვებდი, რომ საქმე ასეთი პროტესტის ფორმებამდე არ მივიდეს, რადგან ეს მარტივი თემა არ არის. სამწუხაროდ, ქვეყანაში შიმშილობის ბევრი ტალღა და ამასთან დაკავშირებული ემოციები გვახსოვს. ვთხოვ კოლეგებს, მათგან ბევრს ძალიან ახლოს ვიცნობ, იქნებ სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და აღარ მინდა, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდეს. იქნებ პრობლემები სხვანაირად მოვაგვაროთ”.

Comments
Loading...