პარლამენტის თავმჯდომარის გასაიდუმლოებული ვიზიტი აშშ-ში

პარლამენტის თავმჯდომარის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით პრესა ინფორმირებული არ ყოფილა. უსუფაშვილის ვაშინგტონში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არც პარლამენტის პრესსამსახურს და არც ამერიკაში საქართველოს საელჩოს არ გაუვრცელებია. შესაბამისად, არცერთი ის შეხვედრა, რომელიც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკულ მხარესთან გამართა, არ გაშუქებულა.

კურიერის გადამღებმა ჯგუფმა პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ საელჩოში ნახა, როდესაც ის უკვე ვიზიტს ამთავრებდა.

კურიერის ინფორმაციით დავით უსუფაშვილის ვაშინგტონში ჩასვლა მოკლე ვადებში გადაწყდა. უსუფაშვილი ვაშინგტონში მარტო იმყოფებოდა და მას არ ახლდა არცერთი დეპუტატი.

კურიერთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავარი განსახილველი თემები იყო რეგიონული უსაფრთხოება, რუსეთი, უკრაინა, ევროინტეგრაცია, ასევე საქართველოში მიმდინარე ის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, მათ შორის რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები.

დავით უსუფაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ბრიგიტ ბრინქს შეხვდა.

Comments
Loading...