პარლამენტთან დაკავებული აქციის ორი მონაწილე გაათავისუფლეს

პარლამენტის შენობის წინ დაკავებული აქციის მონაწილე ეთერ კოხტაშვილი გაათავისუფლეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასევე გათავისუფლებულია აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი ქალბატონი.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა ისინი არ დაკითხეს. კოხტაშვილის განმარტებით, დაკავებულები ავტომანქანების სამრეცხაოში ჰყავდათ გაჩერებული. მისვე განცხადებით, ისინი აქციაზე უმიზეზოდ დააკავეს და სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს.
”აქციის მონაწილეებმა, როდესაც გადაწყვიტეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით გზის სავალ ნაწილზე გადასვლა, მეც მათთან ერთად წავედი, რა დროსაც მოხდა პოლიციელებსა და ჩვენს შორის დაპირისპირება. მე ვეხმარებოდი რამდენიმე ქალბატონს. ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა და ვცდილობდი მის წამოყენებას. ამ დროს პოლიციამ დამიჭირა. შემდეგ მანქანით გადმოგვიყვანეს შსს-ს შენობაში. თუმცა მათ არ დაგვკითხეს. გაჩერებული ვყავდით სამრეცხაოში. ჩვენ ხელწერილზეც არ მოვაწერეთ ხელი და როგორც მითხრეს, ხვალ გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი. ამის შემდგომ კი მე და კიდევ ერთი ქალბატონი გაგვათავისუფლეს”, – განაცხადა ეთერ კოხტაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. შედეგად დააკავეს 4 პირი. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...