პარტია „ქართული ოცნება“ „ცენტრისტებისათვის“ რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტია „ცენტრისტებისათვის“ რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს, – განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა.

სოფო კილაძის შეფასებით, „ცენტრისტების“ კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და არის ანტიკონსტიტუციური.

„სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შეურთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას“, – აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.

სოფო კილაძის თქმითვე, პარტია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისათვის, რათა მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებები თავიდან იყოს აცილებული.

ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას – 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ მისი ეთერში გაშვება შეაჩერა.

Comments
Loading...