პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„გადაწყვეტილებები, რომელიც იმ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ სამართლებრივ უფლებამოსილებებს ეხება, რომლებიც როგორც იუსტიციის სამინისტროშია რეგისტრირებული, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაციაში ტარდებიან, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დროულად და ოფიციალურად იქნეს მოწოდებული.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენთვის უკვე ცნობილა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, დღეს 11:00 საათზე, ხელი მოვაწერე პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 15 ივლისის N43 2016 განკარგულება, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნება ცნობილი.

გუშინ თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საჯარო რეესტრის პრეტენზიები ცესკო-ს მიმართ უსაფუძვლოა, რადგან ცესკო-ს არ ევალება, პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი შეისწავლოს.

„ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნასა და მათი საქმიანობის გაუქმებას არაერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა. ხმაური ბედუკაძის პარტიის ირგვლივ მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი გავიდა.

საარჩევნო კლიპში ბედუკაძის პარტია ამომრჩევლებს რუსულ პენსიებს, ორმაგ მოქალაქეობასა და ქვეყანაში რუსული ბაზების შემოყვანას სთავაზობდა.

Comments
Loading...