პატრიარქი: ხალხი ღელავს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიებაში დახმარება სთხოვა.

ამის შესახებ უწმინდესმა პრეზიდენტთან და წმინდა სინოდის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგესალმებით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის და პირადად ჩემი სახელით. ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იძულებული ვიყავი, გერმანიაში წავსულიყავი და იქ მემკურნალა. გააკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა და ეს არა მარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერისა და სახელმწიფოს პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ ამის მნიშვნელობას გრძნობთ“, – მიმართა პატრიარქმა პრეზიდენტსა და სინოდის წევრებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ერთობლივი – სახელმწიფოსა და ეკლესიის გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ არ გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს“, – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული. აღნიშნულ თემაზე საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა.

Comments
Loading...