“პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ მან ვინმე შეიწყალოს და სხვა დატოვოს ციხეში, რელიგიური გადმოსახედიდანაც არის არასწორი,”- უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭება როგორც კონსტიტუციურად ასევე რელიგიურადაც არასწორი იქნება.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საკითხი დახურულია და მისი განხილვა არ მოხდება.

“საკითხი იმის შესახებ, თუ ვის აქვს და ვის უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, გუშინ საღამოს მდგომარეობით, ცალსახად დახურულია. ეს საკითხი ნამდვილად დახურულია და ნამდვილად ამოწურულია იმ თვლასაზრისით, რომ რაიმე ოფიციალურ წინსვლას – საკანონმდებლო ინიციატივებს, ოფიციალურ განხილვებს ვერ და არ ვნახავთ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი-სამი დღის განმავლობაში ყველას ჰქონდა საშუალება, კარგად გაეაზრებინა და მივსულიყავით მარტივ დასკვნამდე, რომ როცა საუბარია მართლმსაჯულების სისტემის მიერ სასჯელდადებულ პირზე, მისი შეწყალების უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს. ეს ასეა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

მე მგონი, ყველამ გაიაზრა ისიც, რომ თეორიულ საკითხზე მსჯელობაც კი, რომ პატრიარქს ჰქონდეს ამ ტიპის უფლებამოსილება, იქნება გაუმართლებელი არამხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ, ეკლესიური თვალსაზრისითაც. პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ პატრიარქმა ვინმე შეიწყალოს და სხვა დატოვოს ციხეში, რელიგიური გადმოსახედიდანაც არის არასწორი მოქმედება. მე მგონი, ჩვენ გარკვეულწილად ვიხილეთ დემონსტრირება იმისა, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, მათ შორის, შესაძლოა, სიყვარულიც.

პატრიარქისადმი მოწიწება და სიყვარული ძალიან დიდია საზოგადოებაში და ეს მხოლოდ კარგია. იმდენად გვაკლია როგორც ჩანს სიყვარული და იმდენად დეფიციტია, რომ ვისაც დიდ პატივს ვცემთ, მერე მის ნათქვამზე ემოციები გვეუფლება ხოლმე. პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ ხანდახან, შეწყალებაზე ვსაუბრობთ და მოდი მივუტევოთ ყველას, ვისაც მყისიერი, შესაძლო არცთუ ბოლომდე გააზრებული რეაქცია ჰქონდა,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Comments
Loading...