პატრიარქს მიაჩნია, რომ დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა, რომ დღესაც, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია.

პატრიაქრის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია, “რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ”.
“რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა. დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ. ეს რჩეული სამწყსო არის პიროვნულ მაღალ ღირებულებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველ აღთქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, მგრგვინავი ხმის სახით… ეცხადებოდა, არამედ ბეთლემს შობილი ემანუელი (რაც ნიშნავს: “ჩვენთან არს ღმერთი”), მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოსწია, დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს”,- ნათქვამია ეპისტოლეში.
ილია მეორეს თქმით, “მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირ-ვარამისა, უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია”.
“ერთსულოვნებით განვძლიერდეთ ქართველნო, ოსნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო, უფალი ჩვენთან არის. რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს”,- ნათქვამია ეპისტოლეში.

Comments
Loading...