“პატრიარქთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის სურათი დაინახა და კითხა, რად გინდაო…”

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 13 თებერვალს 8 წელი გადის. ბიზნესმენის დედა ნათელა პატარკაციშვილი გაზეთ “ვერსიასთან” საუბარში გარდაცვლილ შვილს იხსენებს.

– ბადრის ორი სახელი რატომ ერქვა?
– ორი კი არა, სამი სახელი ერქვა: არკადი, აბრაამი და ბადრი. დაბადების მოწმობაში არკადი ეწერა, აბრაამი ხახამმა დაარქვა, როცა მოინათლა. ბავშვობაში ძალიან მსუქანი იყო და ჩემი დედამთილი ამბობდა ხოლმე, ბადრი მთვარესავითააო და ბადრი ასე შეერქვა.

– ქალბატონო ნათელა, შეგიძლიათ, ის დღე გაიხსენოთ, როცა შვილი უკანასკნელად ნახეთ?

– კი, შემიძლია. ლონდონის სახლში, ეზოში ჩამოვედით, მითხრა, დედა, ათ საათზე თათბირი მაქვს და აეროპორტში მძღოლი და დაცვა წაგიყვანსო.

– სხვა დროს აეროპორტში თვითონ მიჰყავდით?
– დიახ… კარგი ამინდი იყო, ბადრიმ ხელები გაშალა და ცრემლები წამოუვიდა, დედა, რა არ მოგეწონა, ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავიო. ეს რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა, გრძნობდა, ვეღარ შეგხვდებოდა და ცრემლებიც ამიტომ წამოუვიდაო.

– ხშირად ტიროდა ხოლმე?
– არა, მაშინ პირველად ვნახე… დავამშვიდე, შვილო, სამუდამოდ ხომ არ მივდივარ, კიდევ ჩამოვალ ან შენ ჩამოხვალ-მეთქი.

– ბადრი სხვა ქვეყანაში, თუნდაც ისრაელში რომ დაბადებულიყო, უფრო წარმატებული იქნებოდა?
– არ ვიცი… ბადრი საქართველოში დაიბადა და საქართველო ძალიან უყვარდა! იცით, რა მინდა გითხრათ? – ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა და გულში რამე ჭუჭყი რომ ჩაედო, აქ არ უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ საქართველო ისე უყვარდა, ერთი წუთიც არ შეეძლო, აქაურობა დაეტოვებინა!

– თავს ქართველად თვლიდა თუ ებრაელად?
– ყოველთვის ამბოდა, ქართველი ებრაელი ვარო!

– მართლმადიდებელი იყო?
– არა… მე ებრაელი ვარ… სხვათა შორის, რუსეთში, როცა წინ წავიდა, უთხრეს, იქნებ, მართლმადიდებლობა მიიღოო, მაგრამ ბადრიმ უარი თქვა, მე ისიც ვარ და ესეცო… ბადრი ილია მეორის ნაჩუქარი ჯვრით გარდაიცვალა!

– თუ მართლმადიდებელი არ იყო, ჯვარს რატომ ატარებდა?
– ჩემთან მალავდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ვატყობდი… სხვათა შორის, ოთხი სიძე, სამი რძალი მყავს და ყველა ქართველია.
ქართველებს ვენაცვალე! ჩემი საქართველო ქვეყანას მირჩევნია!

– ებრაელი დედის დალოცვა როგორია?
– კარგი რამ გამახსენეთ: ერთხელ, უწმინდესთან ვიყავი და მითხრა, ნათელა, წელი მტკივა და ხელი გამისვი, ებრაელი დედის დალოცვილი და ხელმოკიდებული ძალიან კარგიაო. ვაიმე, უწმინდესი როგორ მიყვარს, როგორი თბილი ადამიანია. ღმერთმა ეგ გვიმყოფოს კარგად! სხვათა შორის, ილია მეორესთან სააკაშვილი რომ მივიდა, ბადრის დიდი სურათი დაინახა და უთხრა, ეს სურათი რად გინდაო. უწმინდესმა მიუგო, ეს ჩემი შვილიაო. შესული არ ხარ, პატრიაქი გეუბნება, ეს ბადრის ნაჩუქარია, ის ბადრიმ მომიტანა და ძალიან ვუფრთხილდებიო.

ვანო პავლიაშვილი
გაზეთი “ვერსია”

Comments
Loading...