„პატრიოტთა ალიანსი“ მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის გადავადებას ითხოვს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ წინადადებით გამოდის, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გადავადდეს.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ცვლილებების განხილვისას ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, კანონპროექტზე მსჯელობა გადასადებია და მასზე ფართო განხილვა უნდა გაიმართოს.

„საკითხი მიწებს ეხება, რომელიც მხოლოდ ქონებრივი დავა არ არის და ჩვენთვის ქონებას წარმოადგენს. ეს ჩვენი განძია და სამშბობლო მიწა-წყალია. ჩვენი გადავდოთ ამ კანონპროექტზე მუშაობა და პუნქტობრივად გავიაროთ“, – მიმართა უმრავლესობას მარშანიამ.

აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტის ინიცირება მერვე მოწვევის პარლამენტში მოხდა და მასზე მსჯელობა პირველი მოსმენით გაიმართა.

პროექტი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საკითხებს აწესრიგებს. ასევე, ამ პროცესში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების უფლებამოსილებებს და დავების განხილვის ალტერნატიულ საშუალებებს განსაზღვრავს.

ინიციატივის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება. ასევე, იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.

Comments
Loading...