პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ საერთაშორისო ორგანიზაციებში დელეგაციების დაკომპლექტების პრინციპით უკმაყოფილოა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია დაინტერესდა, შესაძლებელი იყო თუ არა დელეგაციების შემადგენლობისთვის კენჭი ეყარათ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი ფრაქციის წარმომადგენელი კომიტეტის სხდომას დაესწრებოდა, მას დელეგაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების წარდგენა შეეძლებოდა.
დეპუტატების დებატებში პარლამემნტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაერთო და განმარტა, რომ დელეგაციების კვოტების გადანაწილებისას მთავარი ამოცანა იყო, ოპტიმალური გადაწყვეტილება მიეღოთ.
ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ მას დელეგაციების კვოტებთან დაკავშირებით, კონსულტაციები ირმა ინაშვილთან ჰქონდა და განსახვავებული აზრი ერთ პოზიციაზე იყო.
მისი თქმით, გარემოების გათვალისწინებით, ყველა ინტერესის გადანაწილება ვერ მოხდებოდა.
„კრიტერიუმები სამართლიანი და ობიექტურია. განსხვავებული პოზიცია ერთ ადგილზე იყო, რომლის შესახებაც გარემოების გათვალისწინებით, თავისუფალი ნებით სარგებლობა ვერ მოხდებოდა“, – აღნიშნა კობახიძემ, რომელსაც ლომიამ განმარტება სთხოვა, თუ რაში მდგომარეობდა განსხვავებული პოზიცია.
კობახიძემ აღნიშნა, რომ განსხვავებული პოზიცია ეუთო-ს შემადგენლობას ეხებოდა, სადაც „პატრიოტთა ალიანსი“ ორ კვოტას ითხოვდა.
სპიკერის ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაცია ექვსი ადგილისგან შედგება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, შეზღუდვები არსებობს.
ბიუროს სხდომაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში დელეგაციების კვოტებთან დაკავშირებულ დადგენილებას მხარი დაუჭირეს.