პენსიონერების პროტესტი:„ეს უნიათო ხელისუფლება, რით ვერ მოახერხა და ვერ მოგვაშორა ნაციონალების სალარო _ „ლიბერთი ბანკი“ თავიდან?“, „თქვენ არ მიაღწიეთ საპენსიო ასაკამდე“….

საქართველოს მასშტაბით პენსიები ყოველი თვის 15 რიცხვში გაიცემა, ამიტომ პენსიონერები მოუთმენლად ელოდებიან ამ დღეს. 15-ში, „ლიბერთი ბანკის“ შენობასა და ბანკომატებთან უსაშველო რიგები დგას. იქ დგომა პენსიონერებისთვის ადვილი ნამდვილად არ არის. ზოგს რიგში დიდხანს გაჩერება არ შეუძლია, მაგრამ მისი დაკარგვის შიშით ადგილს ვერ ტოვებს. მოკლედ, ყველასთვის ნაცნობი სურათი ახლა იმან გაგვახსენა, რომ სააგენტო „ფოსტალიონში“ დარეკა საკმაოდ აღშფოთებულმა ქალბატონმა, რომელმაც ფალიაშვილის #62-ში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში დღეს შექმნილი ვითარება აღწერა.აი რა გვითხრა მან:

„ პენსიის გაცემის დღეებში „ლიბერთი ბანკის“ ყველა ფილიალი ისეა გადატვირთული, სუნთქვაც არ შეიძლება. დღეს 6 ოპერატორიდან მხოლოდ 5 მუშაობდა და ყველა მათგანთან იდგა რიგი. 5 ოპერატორიდან წამოსული პენსიონერები, ფულის ასაღებად მხოლოდ ერთ მოლარესთან იყრიდნენ თავს და იქ რა ხდებოდა, იმის წარმოდგენაც შეუძლებელია. დიდი აურზაური და ჭყლეტვა იყო. საქმე იმაშია, რომ თავად ბანკის ადმინისტრაციას არაფერი უღონია, რომ ან მოლარე დაემატებინა, ან ბოდიში მაინც მოეხადათ შექმნილი ვითარების გამო.

თვეში მხოლოდ სამი დღეა პენსიის გაცემა ბანკში და ბოლობოლო ხომ შეიძლება, ამ დღეებში მაინც გააკეთონ მობილიზაცია და ამ ადამიანებს კუთვნილი პენსია ნირმალურად მისცენ? ხალხი ძალიან არის უკმაყოფილო. რიგში მდგომი პენსიონერებისაგან დღეს წყევლა-ქოქოლაც ისმოდა

_ „ეს უნიათო ხელისუფლება, რით ვერ მოახერხა და ვერ მოგვაშორა ნაციონალების სალარო _ „ლიბერთი ბანკი“ თავიდან?“, „თქვენ არ მიაღწიეთ საპენსიო ასაკამდე“….

თავად ოპერატორ გოგო-ბიჭებსაც არ ედგათ კარგი დღე _ სიქაგაცლილები იყვნენ, რადგან ვინც იქ იყო, ყველა მართლა თავდაუზოგავად მუშაობდა. როგორც გავარკვიე, ხელფასი მხოლოდ 400 ლარი ჰქონიათ და და ძალიან შევწუხდი.

ბანკში პენსიონერს შეუძლია წინასწარ აიღოს 5 თვის პენსია, მაგრამ ამაში ბანკი, პენსიიდან უზარმაზარ ფულს აჭრის, დაახლოებით თვეში 25 %-ს. ასეთი მაღალი პროცენტით კერძო მევახშეებიც კი არ გასცემენ სესხს. ეს ბანკი მთავრობისგან წახალისებული მევახშეა, რომელიც არსებობს პენსიონერების მწირი პენსიით. ამ ფულს აბრუნებს და თავად დიდ ფულს შოულობს. უზარმაზარ თანხებს გლეჯავს გაჭირვებულ ადამიანებს. გამოდის, რომ სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ბანკი არის ყველაზე დიდი მევახშე, რომელიც აზარალებს მოსახლეობას. კიდევ იცით რა ხდება, ამ ბანკში არსებობს პროცედურები, რომელიც საჭიროებს მენეჯერის ხელმოწერას. ერთ-ერთია 5 თვის პენსიის წინსწრებით, კრედიტად აღება. როგორც გვითხრეს, მენეჯერს ფილიალში 2 საათიანი შესვენება აქვს, თანაც ამ 2 საათით სარგებლობს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მცოცავი გრაფიკის მიხედვით. ამ ფილიალის მენეჯერი არის ვინმე ნინო ურუტაძე. რამდენ ხანს ველოდეთ მას პენსიონერები, უკვე აღარც ვიცი. ხომ შეიძლება, მაინცდამაინც 15 რიცხვში არ ისარგებლოს ამ 2 საათიანი მცოცავი შესვენებით და ადამიანებს, ამ დღეს ჩვეულებრივ მოემსახუროს?

„ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებისგან მიტაცებულ თანხას ატრიალებს, მაგრამ თანხებს ზოგავს ოპერატორებსა და მოლარეებზე, არ ჰყავთ საჭირო პერსონალი და უსაშველო რიგებიც ამიტომ დგას. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, დაბალი ხელფასები, თანამშრომლობის სიმცირე-რა გახდა, ბანკმა ეს მდგომარეობა ვერ უნდა გამოასწოროს? მინდა ეს ყველაფერი დაწეროთ და გამოაქვეყნოთ სააგენტოს საშუალებით, რომ გამოყოს სახელმწიფომ კომისია და შეისწავლოს, რა ხდება ამ ბანკში. პენსიები და მისი გაცემა მოქალაქეების სოციალური დაცულობის უპირველესი მაჩვენებელია, ასევე მაჩვენებელი იმისა, რომ სახელმწიფო ნორმალურად ფუნქციონირებს. ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხები ტრიალებს ამ ბანკში და კაცმა არ იცის, ვის გამდიდრებას ემსახურება, ამიტომ სახელმწიფომ საჭირო ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღოს.“

ქალბატონმა ასევე გვთხოვა _ ყველას მიაწვდინეთ ხმა, რომ „ლიბერთი ბანკი“ არის მევახშე, რომელიც კუთვნილი ფულის მისაღებად მისულ ასაკიან ადამიანებს დამამცირებელ ვითარებაში აყენებსო. მას რომ ვუსმენდი, გამახსენდა რას ამბობდნენ ცოტა ხნის წინ „ლიბერთი ბანკის“ ვარკეთილის ფილიალთან მდგარი პენსიონერები. ერთმა კაცმა თქვა, ჩვენი ბრალია ამდენს რომ გვიბედავენ, პენსიონერები ყველა უნდა გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ამ ბანკის ქმედებაო. მეორემ უპასუხა: „იპროტესტე და იყავი, ეგენი ყურადღებას მაინც არ მოგაქცევენ. შუშები უნდა დაულეწო და იქნებ მერე მაინც გამოიხედოს ვინმემ“-ო. სამწუხაროდ, ასეთ სურათს ნახავთ ყოველ თვე. ვისაც არ გჯერათ, მიდით 15 რიცხვში ამ ბანკის ნებისმიერ ფილიალში და არ არის გამორიცხული, უარესი ფაქტების მოწმენიც გახდეთ! მართლაც დროა, მთავრობამ ძალიან ყურადრებით მოუსმინოს ხალხს, თორემ მალე კართან შემოდგომა მოდგება…

წყარო

Comments
Loading...