“პენსიონრებს ახალგაზრდობის დაბრუნება უნდათ და არა საბჭოთა კავშირის” – შაშკინი NDI-ის კვლევაზე

საქართველოში უფროსი თაობის არც თუ ისე ცოტა ნაწილს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს – ამის თქმის საშუალებას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა იძლევა.

NDI – ის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად აფასებს. ეს შედეგი განათლების ყოფილი მინისტრისთვის მოულოდნელ არ აღმოჩნდა. დიმიტრი შაშკინი “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ მსგავსი შეხედულება ძირითადად პენსიონერებს აქვთ, რომლებსაც “ახალგაზრდობის დაბრუნება უნდა და არა საბჭოთა კავშირის”.

“კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა მაღალი და ურყევია. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ნოსტალგიასთან დაკავშირებულ კითხვას, ეს მაჩვენებელი ლოგიკური და პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ამ პასუხების შინაარსი უნდა გვესმოდეს. პირველი – ქვეყანაში მილიონზე მეტი პენსიონერი გვყავს, ამასთან, მოსახლეობის 70 % ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში და მისი დაშლის შემდეგ, ძალიან ბევრი მათგანის ცხოვრება, განსაკუთრებით 90-იან წლებში მკვეთრად გაუარესდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 1990-წლიდან 1992 წლამდე საქართველომ თავისი ეკონომიკის 2/3 დაკარგა. ეს ის პერიოდია, როცა სამოქალაქო ომი იწყება , დაპირისპირებაა და ბუნებრივია ეს ყველაფერი ქართულ ეკონომიკაზე და ჩვეულებრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე აისახა.

მეორე მიზეზს რაც შეეხება, სპეციალისტები დღემდე კამათობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის ნოსტალგია არსებობს. ჩემი აზრით, რომელსაც ნებისმიერი ფსიქოლოგი დაადასტურებს, ეს ნოსტალგია არ არის კომუნიზმის მიმართ, ძირითად ბირთვს – პენსიონერებს ახალგაზრდობა ენატრებათ. ხალხი რომელიც დღეს ამბობს, რომ ბევრად უკეთესი სოციალური გარანტიები ჰქონდათ, ის ბუნებრივია ამას თავისი ახალგაზრდობის კუთხიდან აფასებს. სპეციალისტების დასკვნებით, 90 %-ს სწორედ ახალგაზრდობის დაბრუნება უნდა და არა საბჭოთა კავშირის” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსული პროპაგანდის გაძლიერება ხელისუფლების “უსუსური სახელისუფლებო ინსტიტუტების” შედეგია. (გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების საშუალებით ვრცლელდება. ავტ).

“2012 წლის შემდეგ სახელმწიფო იდეოლოგიის არარსებობის, უსუსური სახელისუფლებო ინსტიტუტების, მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რუსული პროპაგანდა ძლიერდება. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსეთმა პროპაგანდა აშშ-სა და ევროპაშიც გააძლიერა. ამ საკითხზე სხვადასხვა ქვეყნები სხავადსხვაგვარად რეაგირებენ. ლიბერალური მთავრობები, მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ბაზარი ამ პროპაგანდას თავად დაარეგულირებს და საბოლოოდ ხალხი მიხვდება ვინ არის მტყუან-მართალი. ჩემი აზრით, კი ეს მცდარი მოსაზრებაა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ლიბერალი პოლიტიკოსები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს არწმუნებდნენ, რომ მათ კარგი საქმეები უნდა ეკეთებინათ და ხალხი გადაწყვეტდა ვინ იყო რუსეთ-უკრაინას შორის მართალი. უკრაინის მაგალითზე ყველამ ვნახეთ, რომ ეს მიდგომა არარელევანტური და ლამაზ სიტყვებზე აგებული მოქმედება იყო.

ასე რომ მოსაზრება პროპაგანდას არ უნდა ებრძოლო არასწორია. მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებით, რუსეთისგან მომდინარე ტყუილების ნიაგარას განეიტრალებას ვერ ასწრებ. რადგან სახელმწიფოს დონემდე აყვანილი შავი პიარით რუსეთი მოსახლეობისთვის არარსებულ პროდუქტს აქტიურად ყიდის, მას უნდა დაუპირისპირო ძალა, ამ დასკვნამდე ბევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც მივიდა. რუსეთს უნდა დაუპირისპირო კონკრეტული ბერკეტები, რითაც ამ შავ პიარს შეაჩერებ. წამყვანი ქვეყნები პირდაპირ ბლოკავენ იმ რუსულ არხებს, საიდანაც პროპაგანდა ისმის”- განმარტა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, თუ ადამიანი ქართულ ენაზე ვერ საუბრობს, ის ქართული მასობრივი საშუალებებიდან ინფორმაციას ვერ მიიღებს.

“ფაქტი, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობა ინფორმაციას რუსული არხებიდან იღებს, კომპლექსური პრობლემაა. სწორედ ამიტომ, წინა ხელისუფლების დროს უამრავი პროგრამა იყო, რომელიც ქართული ენის ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში გავრცელებას გულისხმობდა. ყველა პროგრამა, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული დღეს გაჩერებული ან მინიმუმამდეა დაყვანილი. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია უნდა იყოს, ადამიანს ენის შესწავლას ვერ დააძალებ, უნდა დაანახო რომ მისი წარმატება, პერსპექტივა დამოკიდებულია ქართული ენის ცოდნაზე”- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი დღეს გასაჯაროვდა. NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...