ფასანაურთან ჩარჩენილი ტრაილერების მძღოლები დახმარებას ითხოვენ – გარდაცვლილია 1 ადამიანი
ფასანაურთან ჩარჩენილი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, 300-მდე მანქანა მეათე დღეა სოფელთან არის გაჩერებული და მძღოლებს არც საკვები, არც ფული და არც საწვავი აქვთ.
მძღოლების ნაწილის თქმით, 10 დღის განმავლობაში მძიმე პირობების გამო ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლიც გარდაიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით გარდაცვლილია კიდევ 2 პირი.
„300-მდე მანქანა მეათე დღეა გაჭედილია, არც საკვები გავქვს და ფულიც გვითავდება. ადგილობრივები პროდუქტს ძალიან ძვირად ყიდიან. პოლიცია არ გვიშვებს იმიტომ რომ გზები არაა გაწმენდილი. მანქანები ორივე მიმართულებით მოძრაობს ჩვენ კი მეათე დღეა არ ვიძვრებით. როგორც ამბობენ 3 ადამიანი გარდაიცვალა აქედან 1 გულის შეტევით,“- აცხადებს ერთ-ერთი მძროლი ალექსანდრ მაქსიმოვი.
სოფელ ნადიბანთან არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილია რუსეთის მოქალაქე, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი მხოლოდ 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენი ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში წმინდავს. სატვირთო ავტომობილები და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდება. გამომდინარე იქიდან რომ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის შეუძლებელია იქ ასვლა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი იქ დაშვება, პატრული მათ არ ატარებს,“-აცხადებს სეთურიძე.
როგორც ”ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივ გარდაცვალებას გულისხმობს.
წაყრო:newposts.ge