ფედერიკა მოგერინი: ვიზალიბერალიზაციისთვის ასეთივე წარმატებით უნდა განაგრძოთ მუშაობა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის მნიშვნელობას არსებული პრობლემატური საკითხები ვერ გადაფარავს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზეც. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ამ მხრივ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება უკვე შეასრულა და მუშაობა ასეთივე წარმატებით უნდა გააგრძელოს, რათა წლის ბოლოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დადებითი რეკომენდაცია მიიღოს. როგორც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მხარეებმა განიხილეს რეგიონულ საკითხები და უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევებიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისიას სრულად ფუნქციონირების საშუალება არ ეძლევა, ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ დეპუტატებს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

Leave A Reply

Your email address will not be published.